„ჰიდროტურბინა და ელექტროენერგიის გამომუშავების სისტემა“, „ჭკვიანი მრიცხველი ელექტროობისა და გაზის მოხმარების მონიტორინგისთვის“, „ვერტიკალური ფერმა“, „მზის ენერგიაზე მომუშავე მაცივარი-მანქანა“ და „ენერგოეფექტური აგურები“ – ეს ის გამოგონებებია, რომლებიც გაეროს განვითარების პროგრამის მიერ გამოცხადებულ კონკურსში, სახელწოდებით – „ენერგოეფექტური სახალხო გამოგონებები“ გამარჯვებულად დასახელდნენ.
თითოეულმა ავტორმა თუ ავტორთა ჯგუფმა 20 ათასი ლარი მიიღო, რაც მათი გამოგონებების სამუშაო პროტოტიპის შექმნასა და შემდგომ განვითარებას მოხმარდება. UNDP-ის სწრაფი განვითარების ლაბორატორია საქართველოში 2020 წელს გაიხსნა.
ლაბორატორია მსოფლიოს 116 ქვეყანაში მოქმედებს და მისი მიზანი თანამედროვე მიდგომებისა და ტექნოლოგიების გამოყენება-განვითარებაა.
„გაეროს განვითარების პროგრამა მიესალმება ქართველ გამომგონებელთა კრეატიულობასა და შემართებას. მათ მიერ წარმოდგენილი პროექტები მწვანე, კლიმატგონივრული და მდგრადი საზოგადოების მშენებლობის მიზნებს პასუხობს. მოხარული ვარ, რომ აქ ვარ. ჩვენთან დღეს უამრავი ახალი კომპანიის შემქმნელები არიან, რომლებიც ენერგოეფექტურ გამოგონებებზე მუშაობენ. ვფიქრობ, ასეთი ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამ გზით ჩვენ ხელს ვუწყობთ ყველაზე კრეატიულ ადამიანებს, იმუშაონ თავიანთ იდეებზე“, – ამბობს ნიკ ბერესფორდი, UNDP-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში.
UNDP-ის კონკურსში 75 გამომგონებელი, ბიზნესი, სტარტაპი და საინიციატივო ჯგუფი მონაწილეობდა.