აღმოსავლეთ საფრანგეთში წყლის რესურსების მართვის შესახებ დაძაბულობა იზრდება. აქციის მონაწილეები სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების წყლის რეზერვუარის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან.
დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებების შემდეგ, კვირას, აქტივისტებმა წყლის მილები გადაჭრეს. მათ მიაჩნიათ, რომ აგროინდუსტრიის წარმომადგენლები „წყალს იტაცებენ“. წყლის რეზერვუართან ახლოს აქტივისტებმა მიწის ნაკვეთი დაიკავეს.
„პროტესტის ნიშნად, ვაპირებთ, რომ ორი კოშკი ავაშენოთ და ბრძოლა სიმბოლურად სწორედ აქედან გავაგრძელოთ. მთავრობაზეა დამოკიდებული, რამდენად დავბრუნდებით ჩვენ ამ ადგილას და დავასრულებთ ამ საგუშაგო კოშკს. თუ წყლის ავზების მშენებლობა განახლდება, მაშინ ეს კოშკი მუდმივ ციხედ გადაიქცევა“, – ამბობს აქტივისტი.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟერალდ დარმანენმა განაცხადა, რომ ე.წ. კოშკების მშენებლობა მიუღებელია. ადგილზე 1000-ზე მეტი პოლიციელია მობილიზებული.
გვალვის შედეგად საფრანგეთში წყლის რესურსების ეფექტიანად მართვის პრობლემა გაჩნდა, ხოლო მდგომარეობა რეზერვუარის მშენებლობის გამო კი უფრო მეტად დაიძაბა.