მთავარისაქართველო„დეოლიგარქიზაციის“ შესახებ კანონპროექტის განხილვა დაიწყო

„დეოლიგარქიზაციის“ შესახებ კანონპროექტის განხილვა დაიწყო

საკანონმდებლო ორგანომ დღეს, 31 ოქტომბერს, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის განხილვა დაიწყო. თუმცა, პოლიტიკურ წრეებში კვლავ აზრთა სხვადასხვაობაა – კვლავ ვერ თანხმდებიან ვინ არის ოლიგარქი საქართველოში. მმართველი პარტიის მიერ შემუშავებულ კანონპროექტს, რომელიც უკრაინის მოდელის მიხედვითაა შედგენილი, ოპოზიციის ნაწილის მხრიდან, კრიტიკული შეფასება მოჰყვა. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ კანონი, რომელიც შემოტანილი აქვს „ქართულ ოცნებას“, ყველას ეხება, ბიძინა ივანიშვილის გარდა.

„კანონი, რაც შემოტანილი აქვს „ქართულ ოცნებას“, ეხება ყველას, ბიძინა ივანიშვილის გარდა. ეს მაშინ, როდესაც ჩვენ გვაქვს შემთხვევა, როდესაც პირდაპირ გვიწერია, საერთაშორისო პარტნიორებისგან რეზოლუციაში – ვინ არის ამ ქვეყნის მთავარი ოლიგარქი“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ანა წითლიძემ.

„ერთ-ერთი რთული საკითხია ამ 12 პუნქტის შესრულების პროცესში, რადგან ვერ ვხედავ შესაძლებლობას, ოპოზიცია და ხელისუფლება შევთანხმდეთ და ოპოზიციამ შევძლოთ, რომ აღვიქვათ ხელისუფლების მიერ შექმნილი კანონი ადევკატურად როგორც პასუხი ამ 12 მოთხოვნაზე“, – აღნიშნა „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა, ხათუნა სამნიძემ.

რაც შეეხება უკრაინულ მოდელს, უკრაინაში მიღებული კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ ადგენს კრიტერიუმებს იმის შესახებ, ვის შეიძლება, ეწოდოს ოლიგარქი. ამასთან, დოკუმენტი ავალდებულებს პოლიტიკოსებსა და სხვა ოფიციალურ პირებს, ღიად განაცხადონ მათი კონტაქტების შესახებ ოლიგარქებთან და მათ წარმომადგენლებთან. კანონი უკრძალავს ოლიგარქებს დააფინანსონ პოლიტიკური პარტიები, პოლიტიკური რეკლამები, დემონსტრაციები. ამ კანონის თანახმად, საბოლოოდ, უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭო განსაზღვრავს, ვინ არის ოლიგარქი.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ კანონი არ იქმნება კონკრეტული პერსონალიების სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ.

„გვესმის, რატომ დაიხია უკან დღეს ოპოზიციამ, მათ საკუთარ რიგებში აღმოაჩინეს უკრაინული კრიტერიუმების გათვალისწინებით რამდენიმე პოტენციური ოლიგარქი, შემდეგ დაიწყო კონფლიქტური პროცესები შიგნით, რადგან ხედავენ, რომ ამ კანონმა მათ პარტიულ „შავ დაფინანსებას“ შეუქმნა პრობლემები. ამიტომ ვიღაცამ, ვინც ეს საფრთხე დაინახა, დაუქნია პარლამენტში რადიკალურ ოპოზიციას ჯოხი და უთხრა – დაანებეთ თავი მაგ საკითხს. ეს ხდება სინამდვილეში“, – განაცხადა ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ.

იმისათვის, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი მიიღოს, ამისთვის მან ევროკომისიის რეკომენდაციები უნდა შეასრულოს. სხვა პირობების შესრულებასთან ერთად, საქართველოს დეოლიგარქიზაციაც მოეთხოვება.

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend