მთავარიევროპარუსეთიუფლებადამცველები დისკრიმინაციულს უწოდებენ კანონპროექტს, რომელიც რუსეთში ქვიარ ადამიანების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას კრძალავს

უფლებადამცველები დისკრიმინაციულს უწოდებენ კანონპროექტს, რომელიც რუსეთში ქვიარ ადამიანების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას კრძალავს

"კომენტარი რუსულ მედიას რომ მივცე, მათაც დააჯარიმებენ და - მეც. იტყვიან, რომ ჩემს ინტერვიუს არასრულწლოვანმა უყურა", - ამბობს ბორის კონაკოვი, ლგბტქ+ აქტივისტი რუსეთიდან

რუსმა კანონმდებლებმა წინასწარი თანხმობა განაცხადეს იმის შესახებ, რომ დაამტკიცონ კანონი, რომელიც, მათი თქმით, ქვეყანაში ლგბტქ+ პროპაგანდას აღკვეთს. საერთაშორისო უფლებადამცველები კი ამ ფაქტს სხვანაირად უყურებენ და ამბობენ, რომ რუსეთში პირველი მოსმენით მიღებული ჰომოფობიური და დისკრიმინაციული კანონპროექტი, მტრულ გარემოს ქმნის ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი თუ ქვიარ ადამიანებისთვის. სხდომაზე რუსმა დეპუტატებმა თქვეს, რომ მათ უნდა დაიცვან ყველა, ვისაც, მათივე თქმით, „ნორმალურად ცხოვრება სურს,“ ჰომოფობიური პოლიტიკის გამო კი ლგბტქ+ ადამიანები რუსეთში ნორმალურ გარემოში ცხოვრების შესაძლებლობას კიდევ უფრო დაშორდნენ.

ერთი დღე გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატამ პირველი მოსმენით, ერთხმად დაამტკიცა ლგბტქ+ პროპაგანდის ამკრძალავი კანონპროექტი, რომელსაც საერთაშორისო უფლებადამცველები და ლგბქტ+ აქტივისტები ჰომოფობიურსა და დისკრიმინაციულს უწოდებენ.

კანონპროექტის თანახმად, ბავშვებში ქვიარ ადამიანების შესახებ ინფორმაციის გავრცელება იკრძალება. ანუ, მათ არავინ უნდა უთხრას, რომ არსებობენ ჰომოსექსუალები და ტრანსგენდერები.  იმ ფილმებს კი რომელსაც რუსეთის მთავრობა ლგბტქ+ თემის პროპაგანდად ჩათვლის, ვერც ზრდასრულები ნახავენ, რადგან აიკრძალება ფილმებისთვის გაქირავების ლიცენზიის მინიჭება. ასევე ინტერნეტში სპეციალური კოდის საშუალებით, ის ინფორმაცია იქნება ხელმისაწვდომი, რომელმაც, რუსი დეპუტატების თქმით, „შესაძლოა, ბავშვებს სქესის შეცვლის სურვილი გაუჩინოს.“

„არაფერი მესმის. სახელმწიფო ამბობს, რომ მე ვარ პროპაგანდა. ჩემი პიროვნება პროპაგანდაა. ჩემი საქმიანობა პროპაგანდაა. ისინი ამბობენ, რომ ჩემი სახეც პროპაგანდაა. მე ოდესღაც ჰომოფობიით ვიყავი დაავადებული და მე ვარ უფრო მეტად ტრამვირებული რუსული პროპაგანდის გამო, ვიდრე ისინი – ჩემ გამო. მე ახლა თქვენ ინტერვიუს გაძლევთ, ეს ჩემი სახეა, ამ ყველაფერს რუსეთიდან ვლაპარაკობ. ვარ ღიად ჰომოსექსუალი და აქტივისტი. ზუსტად ასეთი კომენტარი რუსულ მედიას რომ მივცე, მათაც დააჯარიმებენ და – მეც. იტყვიან, რომ ჩემს ინტერვიუს არასრულწლოვანმა უყურა“, – ამბობს ბორის კონაკოვი, ლგბტქ+ აქტივისტი რუსეთიდან, რომელიც ახლაც სამშობლოში იმყოფება.

თუმცა, რუსი კანონმდებლები ჰომოფობიურ კანონპროექტში ჰომოფობიურს ვერაფერს ხედავენ და ამბობენ:

„ეს არ არის ცენზურა. ამ კანონპროექტით ცენზურის შემოღებას არ ვცდილობთ და ქვიარ ადამიანებს, როგორც ფენომენს არ ვკრძალავთ. ჩვენ არ ვკრძალავთ ლგბტქ+ ადამიანების ხსენებას, ჩვენ მხოლოდ ვამბობთ, რომ მათი პროპაგანდა, ანუ პოზიტიური პოპულარიზაცია თუ დიდება უნდა აიკრძალოს. უნდა აიკრძალოს აზრი, რომ ეს ნორმალურია და შესაძლოა იმაზე უკეთესიც, ვიდრე ტრადიციული სექსუალური კავშირი. ჩვენ უნდა დავიცვათ ისინი, ვისაც ნორმალურად სურს ცხოვრება“, – ალექსანდრ ხინშტეინი, რუსეთის დეპუტატი

კანონის დარღვევის შემთხვევაში, რუსეთის მოქალაქეს ჯარიმის გადახდა მოუწევს, რომელიც ფიზიკური პირებისთვის დაახლოებით 18 ლარი იქნება, ხოლო იურიდიული პირებისთვის – 225 ათას ლარზე მეტი. უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კი კანონის დარღვევის შემთხვევაში ქვეყნიდან გაძევება დაემუქრებათ.

რუსი დეპუტატების თქმით, კანონპროექტის მეორე მოსმენისას, სასჯელი შესაძლოა, კიდევ უფრო გაიზარდოს და გამკაცრდეს. ზოგიერთი მათგანი იმასაც ამბობს, რომ ამ კონკრეტული კანონის დარღვევის შემთხვევაში, მხოლოდ ჯარიმით შემოფარგვლა, აზრს მოკლებულია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend