მთავარისაქართველოსამზადისი ჰელოუინისთვის

სამზადისი ჰელოუინისთვის

დიდი მოწითალო-მოყვითალო გოგრები… ჩონჩხები, სულის შემძვრელი პერსონაჟები და  გემრიელი ტკბილეული – ეს ჰელოუინია. ეს დღესასწაული მსოფლიოს ბევრ ქვეყანაშია ძალიან პოლულარული. თანდათან იგი საქართველოშიც მკვიდრდება.

ამერიკაში ერთწილაინი გაცვლითი პროგრამით ყოფნისას, მარიამ ბლიაძე ჰელოუინს ყველაზე მეტად ელოდა.

„საოცარი დეკორაციები იყო ქუჩებში, ჩემს სკოლაში. თვითონ ჰელოუნიზე სკოლაში ჩვეულებრივი ჩაცმულობის ნაცვლად გვთხოვეს რომ კოსტუმებით მივსულიყავით. მიმაჩნია, რომ უფრო მეტად არის ოჯახების და საახლობლოს დღესასწაული, რომელშიც უფროსიც და უმცროსიც ერთად იღებს მონაწილეობას და ერთად ხალისობს“, – ამბობს FLEX Abroad პროგრამის კოორდინატორი მარიამ ბლიაძე.

მარიამი ახლა საქართველოშია და „ამერიკის საბჭოებთან“ ერთად ჰელოუნის  წვეულებას აწყობს, სადაც ქართველი და ამერიკელი სტუდენტები ერთად აღნიშნავენ ამ დღესასწაულს. „ამერიკის საბჭოების“ მიზანი სწორედ კულტურათა გამოცდილების გაცვლაა.

„სწორედ ის, რომ ჩვენ საქართველოში ჰელოუინს ვატარებთ ხოლმე, ძალიან დიდ როლს ასრულებს ამ კულტურათაშორისი მეგობრული ურთიერთობების დამყარებაში საქართველოსა და ამერიკას შორის“, – ამბობს მარიამი.

თავის ქართველ მეგობრებს ჰელოუინის ტრადიციას აცნობს საქართველოში მცხოვრები ამერიკელი ბრაიენ ფინკი. ის წვეულების გადახდას გეგმავს. თუმცა მანამდე მეგობრებთან ერთად ჰელოუინისთვის დეკორაციებს ამზადებს.

„მეგობარებთან ერთად აქ სხვადასხვა ამერიკული დღესასწაული ავღნიშნეთ. ჰელოუინი ყოველთვის ჩემი საყვარელი დღესასწაული იყო. ასე რომ, წელს ძალიან მინდოდა ჰელოუინს განსაკუთრებულად შევხვედროდი. მინდა ის მეგობრებთან ერთად გავატარო და მათ ეს დღესასწაული კოსტიუმების წვეულებით, გოგრის გამოჭრით და ჰელოუინის ტკბილეულის მომზადებით გავაცნო. იმედი მაქვს, რომ ყველა ჩემს მეგობარს ისე შეუყვარდება ჰელოუინი, როგორც მე მიყვარს”, – ამბობს ბრაიანი.

ჰელოუინის აღნიშვნა ძველი ტრადიციაა და ის ზამთრის დადგომის რიტუალს უკავშირდება, რომელიც ძველის დასასრულსა და ახლის დაწყებას ნიშნავს. კელტური მითოლოგიის მიხედვით, ჰელოუინის ღამეს სხვა სამყაროსთან იღება კარი და სულებს ჩვენს სამყაროში შემოსვლა შეუძლიათ.

ტრადიციის მიხედვით, გარემოს გაწმენდისა და სულების შეშინებისთვის კოცონს ანთებდნენ, ხოლო ტანზე ცხოველების ტყავს იცვამდნენ.

„ირლანდიის დიდი შიმშილობის შედეგად, ირლანდიელი ემიგრანტები ამერიკაში ჩამოვიდნენ. რეალურად მათ გახადეს ეს ტრადიცია პოპულარული ქვეყნის მასშტაბით. ხალხი საჭმელსა და ფულს ადგილობრივ ოჯახებს სთხოვდა. თუ მათ რაიმე კარგს აჩუქებდნენ ეს სიკეთის გამოხატულება იყო. ხოლო თუ არა – მაშინ შეიძლება რაიმე საზიანო გაიკეთებინათ. სწორედ აქედან მოდის ე.წ. „თრიქ-ორ-თრითის“ ტრადიცია“, – ამბობს ბრაიანი.

ეს უძველესი ტრადიცია ამერიკის შეერთებულ შტატებში, ოჯახურ დღესასწაულად იქცა. კარს მომდგარ ბავშვებს სიტყვებით: „ან ხრიკი ან საჩუქარი“, დღეს უკვე საქართველოშიც გაიგონებთ. ჟურნალისტი  ნუგზარ რუხაძე კარგა ხანს ცხოვრობდა ამერიკაში.  მიაჩნია, რომ ბოლო წლებში ჰელოუინის აღნიშვნა მსოფლიოში კიდევ უფრო გაიზრდა.

„გლობალიზაციამ გააკეთა ის, რომ მოხდა კულტურათაშორისი ურთიერთობების ინტენსიფიკაცია. ჰელოუინი ამერიკაში ერთი დიდი სახალისო დღეა, როდესაც მთელი ამერიკა გადაცმულია ისეთ ტანსაცმელში, რომ ერთმანეთს ვერ ცნობენ. რატომ არის ეს. თითქოს ერთმანეთს აშინებენ, ემალებიან და აშინებენ ავ სულებს. ეს ზეიმი იმდენად პოპულარული გახდა, რომ ის გავიდა იმ ძველი ვიწრო ჩარჩოებიდან და გახდა რაღაც სახალხო ზეიმი, ძალიან საინტერესო, ძალიან სახალისო“, – ამბობს ჟურნალისტი ნუგზარ რუხაძე.

ბრაინი სამშობლოდან ძალიან შორს იმყოფება, თუმცა ჰელოუინს ძმასთან და მეგობრებთან ერთად ახალ გარემოში მაინც აღნიშნავს.

თორნიკე კოპლატაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend