მთავარიევროპაუკრაინა„რუსმა ჯარისკაცებმა მითხრეს, რომ უკრაინაში წამოსვლა აიძულეს“- ტატიანა ველიკა-ოლექსანდრივკადან

„რუსმა ჯარისკაცებმა მითხრეს, რომ უკრაინაში წამოსვლა აიძულეს“- ტატიანა ველიკა-ოლექსანდრივკადან

ხერსონის რეგიონის დაბა, ველიკა-ოლექსანდრივკა, უკრაინის კონტროლს დაუბრუნდა, თუმცა რუსები ჯერ კიდევ გამაგრბეულნი არიან სხვა ქალაქებსა თუ სოფლებში

ჩანგრეული ხიდები, განდაგურებული მანქანები და „ზეტი“ (Z) ყველა კედელსა თუ ნივთზე – ასე დატოვეს რუსებმა ხერსონის რეგიონში მდებარე დაბა ველიკა-ოლექსანდრივკა, მაშინ, როდესაც უკრაინული ჯარი ტერიტორიას იბრუნებდა. უკრაინელები ამბობენ, რომ კონტრშეტევის დროს რუსული ჯარი ადგილობრივი სკოლის სარდაფში იყო გამაგრებული.

ერთ-ერთი კლასის კედელზე კვლავ წერია „ზეტი“, იქვეა დახატული ქალის სილუეტიც, წარწერით ირკა და თარიღი, 26 თებერვალი.

„ხედავთ, როგორ ცდილობდნენ, რომ აქ კომფორტულად ყოფილიყვნენ?! აი, რაც ახლა აქ არის, თითოეული ნივთი, სახლებიდან და მაღაზიებიდან მოიპარეს.  ფარდები, ბალიშები, ხალიჩები“, – გვიყვება მეხანძრე ვოლოდიმირი.

მეხანძრე-მაშველის თქმით, სკოლის შენობის სარდაფში, 200-მდე რუსი ჯარისკაცი იმალებოდა. შენობის ზედა სამ სართულს კი, როგორც ბაზას, ისე იყენებდნენ და უკრაინელებს ესროდნენ.

ამ შენობასთან ერთად ველიკა-ოლექსადრივკაში უამრავი შენობა თუ გზა განადგურდა. რამდენიმეთვიანი ბრძოლის დროს, მაცხოვრებლების უმეტესობამ ტერიტორია დატოვა. ზოგმა კი წასვლა ვერ და ოკუპირებულ რეგიონში მოუწია ცხოვრება.

„რუსმა ჯარისკაცებმა მითხრეს, რომ მათ უკრაინაში წამოსვლა დააძალეს. მეუბნებოდნენ, თუ უარს ვიტყოდით, დაგვხვრეტდნენო. სულ ახალგაზრდა ბიჭები იყვნენ. რა თქმა უნდა, მეცოდებიან. მაგრამ, ღმერთო, მაპატიე, და თუ ამის შანსი ოდესმე მექნება, ჩემი ხელით მოვკლავ ვლადიმერ პუტინს. მომინდომა იმპერიის შექმნა…“ – ამბობს ტატიანა.

მიუხედავად იმისა, რომ ხერსონის რეგიონის დაბა, ველიკა-ოლექსანდრივკა, უკრაინის კონტროლს დაუბრუნდა, რუსები ჯერ კიდევ გამაგრბეულნი არიან სხვა ქალაქებსა თუ სოფლებში, რომლებიც ომის დაწყების პირველივე დღეებში ჩაიგდეს ხელში.

ხერსონი ერთ-ერთია იმ ოთხი ანექსირებული რეგიონიდან, რომლებშიც ვლადიმერ პუტინმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend