მთავარისაქართველოსახალხო დამცველის კანდიდატების სია პარლამენტის ბიუროს წარედგინა

სახალხო დამცველის კანდიდატების სია პარლამენტის ბიუროს წარედგინა

სახალხო დამცველის კანდიდატების 19-კაციანი სია დღეს, 24 ოქტომბერს პარლამენტის ბიუროს წარედგინა. 25 ოქტომბრიდან კი საკომიტეტო მოსმენები იწყება. ცნობილია, რომ ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ლელომ“ და „რეფორმების ჯგუფმა“ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დასახელებული კანდიდატები – ანა აბაშიძე, გიორგი ბურჯანაძე და ნაზი ჯანეზაშვილი წარადგინეს. პარტია „გირჩმა“ პარტიის ლიდერი, იაგო ხვიჩია, წარადგინა, ხოლო მოქალაქეებმა – 19-ვე კანდიდატს დაუჭირეს მხარი. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ საკომიტეტო მოსმენებში აქტიური მონაწილეობა მნიშვნელოვანია.

„ყველა კანდიდატს, რომელმაც გამოხატა ფრაქციასთან შეხვედრის სურვილი, შევხვდით, პრაქტიკულად ყველა კანდიდატის მოსაზრებას ვიცნობთ, მაგრამ ხვალიდან იწყება მოსმენები და, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, აქტიური მონაწილეობა მივიღოთ“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ.

„არ ვიცი, „ქართული ოცნება“ არის თუ არა მზად ფსიქოლოგიურად, რომ აირჩიოს სახალხო დამცველი და არა საკუთარი თავის დამცველი. ეს არის მთავარი ტესტი, რომელიც უნდა ჩააბაროს უმრავლესობამ“, – აღნიშნა „ლელოს“ წარმომადგენელმა, ანა ნაცვლიშვილმა.

„ქართული ოცნება“, როგორც ჩანს, აქაც აგდებს ევროპულ რეკომენდაციას, ოღონდ ეს უნდა, გააკეთოს სხვისი ხელით. ეს უნდა დააბრალოს ევროპელებს, ეს უნდა დააბრალოს ოპოზიციას“, – თქვა „სტრატეგია აღმშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ.

საკუთარი კანდიდატი არ დაუსახელებია მმართველ გუნდს. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ მათი მხრიდან მომავალი ომბუდსმენის შერჩევისას მთავარი კრიტერიუმები იქნება კანდიდატის მიუკერძოებლობა და კომპეტენცია.

„კითხვები იქნება და იქნება მწვავე და მათ მიერ გაცემული პასუხები მისთვის, ვინც მომავალში ომბუდსმენი გახდება, გარკვეული ვალდებულებაც გახდება იმისათვის, რომ მისი გაჟღერებული პოზიცია შეასრულოს მომავალშიც“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით სერგეენკომ.

„ვინც დაგვარწმუნებს, რომ ის ემსახურება არა პარტიას, არამედ – საზოგადოებას, ყველა ჯგუფს, ყველა დაზარალებულს, ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას“, – აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ.

მოქმედ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას, უფლებამოსილების ვადა დეკემბრის დასაწყისში ეწურება. სწორედ ამ დრომდე უნდა მოხდეს ახალი სახალხო დამცველის არჩევა, რომელსაც 90 ხმა სჭირდება. იქამდე კი პარლამენტში საკომიტეტო მოსმენების ფარგლებში ომბუდსმენობის კანდიდატებს მოუსმენენ. ხვალ, 25 ოქტომბერს ანა აბაშიძეს, ნაზი ჯანეზაშვილსა და გიორგი ბურჯანაძეს მოუსმენენ.

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend