მიმდინარე გეოპოლიტიკურ ცვლილებებსა და საქართველოს ევროპულ მომავალთან დაკავშირებით სამსჯელოდ, პარლამენტს სამუშაო ვიზიტით სამი ბალტიისპირული ქვეყნის – ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის საკანონმდებლო ორგანოების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები ესტუმრნენ.
მარკო მიჰკელსონი, რაიჰარდს კოლი და ლაიმა ანდრიკიენესი საპარლამენტო ოპოზიციის და პოზიციის დეპუტატებს, ასევე ევროპასთან ინტეგრაციის, საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წარმომადგენლებს დახურულ კარს მიღმა შეხვდნენ. დასრულების შემდეგ კი ერთობლივი განცხადება გააკეთეს და საქართველოს ევროპულ გზაზე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ აღუთქვეს. თუმცა ამისთვის, ქართული პოლიტიკური სპექტრისგან, ეროვნული ინტერესების ქმედებებს ელიან.
„ეს დელეგაცია გახლავთ უნიკალური, ამ სამი ქვეყნის შემადგენლობით, რომლებიც განსაკუთრებით არიან ერთიანი საქართველოს და უკრაინის მხარდაჭერაში.ბალტიის ქვეყნებისგან საქართველოს აქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა და შეგიძლიათ გქონდეთ იმის იმედი, რომ კანდიდატის სტატუსის მიღებასთან და სხვა საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ვიქნებით თქვენი მხარდამჭერი. ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინის მხარდაჭერა, როგორც პოლიტიკური და დიპლომატიური, ასევე სხვადასხვა გზით, რომ მოხდეს დამარცხება რუსი ორკების. ამ ვიზიტის ფარგლებში თქვენი პოლიტიკოსებისგან მოვისმინეთ, როგორ სრულდება 12 პუნქტი. ასევე რეფორმების განხორციელების გზაზე არსებული ვითარება, როგორც მიღწევები, ასევე გეგმები და უნდა აღინიშნოს ასევე პოლარიზაციის პრობლემა, რომლის აღმოფხვრა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რათა მაქსიმალურად გაიზარდოს და გაუმჯობესდეს ძალისხმევა ქვეყნისთვის სასიკეთო შედგების მისაღწევად“, – განაცხადა ლატვიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ რაიჰარდს კოლსმა.
დახურულ კარს მიღმა გამართულ შეხვედრაზე, ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებით, ქვეყნის შიგნით არსებულ პოლიტიკური პრობლემების გადაჭრის გზებსა და დასავლელი პარტნიორებისგან მკაფიო მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
სამი ბალტიისპირული ქვეყნის წარმომადგენლებს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტთან, რეგიონში შექმნილ ვითარებაზე, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის შესაბამისობასა და სხვადასხვა გამოწვევებზე ჰქონდათ საუბარი.
“შეხვედრაზე მხარეებმა ვისაუბრეთ რეგიონული უსაფრთხოების გარემოზე, საქართველოს წინაშე არსებულ საფრთხეებზე და გამოწვევებზე. ასევე, ამ საფრთხეების და გამოწვევების სხვადასხვა გამოვლინებებზე, მათ შორის იმაზე, თუ როგორ შეიცვალა უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი რუსული სამხედრო აგრესიის შემდეგ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გარემო.
ასევე, ვისაუბრეთ საქართველოს ევროკავშირში და ნატოში გაწევრების მნიშვნელობაზე, იმ მოლოდინებზე, რაც ჩვენ ნატოს ვილნიუსის სამიტისგან გვაქვს და რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ ჩვენს პარტნიორ სამივე ქვეყანასთან ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ გაძლიერებაზე და გაღრმავებაზე, განსაკუთრებით, ეს ეხებოდა საპარლამენტო განზომილებას“, – განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ.
ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების წარმომადგენლებთან შეხვედრისას კი სტუმრებმა, ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალსა და ამ ქვეყნების მხრიდან მკაფიო მხარდაჭერაზე ისაუბრეს.
„ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან გრძელდება ვიზიტები საქართველოში. ამჯერად ჩვენ ვმასპინძლობთ ესტონეთის, ლატვიის და ლიეტუვის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებს. საქართველოში ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლების ვიზიტების მთავარი მიზანია, საქართველოს ევროპულ მომავალთან დაკავშირებით, თავიანთი ქვეყნის მხარდაჭერა გამოხატონ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მათი პოლიტიკური მხარდაჭერა, ვინაიდან ევროკავშირის გაფართოებასა და ახალი წევრი ქვეყნების მიღებასთან დაკავშირებით, პოლიტიკურ გადაწყვეტილებას საბოლოოდ, ევროკავშირი იღებს“, – განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა.
საქართველოს პარლამეტში რამდენიმე კვირაა, სხვადასხვა ევროპული ქვეყნის დელეგაციები დახურულ კარს მიღმა შეხვედრებს მართავენ. ამ შეხვედრების დეტალების შესახებ ბევრი რამ უცნობია. ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის ქვეყნების დელეგაციების ვიზიტი ორდღიანია და დღეს, 21 ოქტომბერს ოფიციალურად დასრულდა.
ალეკო გვეტაძე