გაეროს საერთაშორისო კომისიამ უკრაინაში სამხედრო დანაშაულებისა და ადამიანის უფლებების დარღვევების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. კვლევა უკრაინის ოთხ სხვადასხვა ოლქში ჩაატარეს, 24 თებერვლიდან 31 მარტის ჩათვლით. გაეროს ცნობით, ამ პერიოდში უკრაინაში მოკლეს 1237 მშვიდობიანი მოქალაქე, რომელთა შორის 112 ბავშვია.
კომისიის წევრები ქალაქების გარდა ეწვივნენ დასახლებულ პუნქტებს, ჩაატარეს დაახლოებით 200-მდე ინტერვიუ მსხვერპლებთან და დანაშაულის მოწმეებთან, გაესაუბრნენ საერთაშორისო ორგანიზაციებს და ასევე, შეისწავლეს დოკუმენტები.
დასკვნის ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით, კიევის, ჩერნიჰივის, ხარკივისა და სუმის ოლქებში დაიღუპა ან დაშავდა მოსახლეობის 70% რუსეთის არმიის მიერ გამოყენებული ასაფეთქებელი იარაღის გამოყენებით, რომელსაც დიდი მასშტაბით ტერიტორიის განადგურება შეუძლია. კომისიამ ცალკე ყურადღება მიაქცია კასეტური ბომბების გამოყენებას. ჩერნიჰივში ბავშთა კლინიკაზე დარტყმა სწორედ ასეთი საბრძოლო მასალით მოხდა. გაეროს დასკვნით, ამ პერიოდში რუსული არმია ახორციელებდა დარტყმებს განურჩევლად, იმის გარკვევის გარეშე, არსებობდა თუ არა სამიზნე ადგილებში სამხედრო სტრუქტურა. ასევე იყო შემთხვევები უმართავი რაკეტების აფეთქებისა.
გარდა ამისა, გაეროს ექსპერტიზის დასკვნით, რიგ შემთხვევაში რუსეთის შეიარაღებული ძალები მიზანმიმართულად აყენებდნენ თავიანთ სამხედროებსა და ტექნიკას მშვიდობიან მოქალაქეებთან ახლოს, რათა შეემცირებინათ უკრაინის მხრიდან სროლები.
რაც შეეხება მკვლელობებს, რადგანაც ბუჩაში მომხდარი ხოცვა-ჟლეტა უკვე გამოიკვლია არაერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ და მედიამ, გაეროს კომისია კონცეტრირდა სხვა დასახლებულ პუნქტებზე. მათი დასკვნით, მასობრივი მკვლელობების მთავარი სამიზნე იყვნენ მამაკაცები. მკვლელობები ხდებოდა იქ, სადაც რუსები ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში იმყოფებოდნენ და ჰქონდათ ოკუპირებული ტერიტორია.
ანგარიშის კიდევ ერთი ნაწილი შეეხება დაკავებულების წამებას. დაზარალებულებზე დაყრდნობით, კომისიის წევრები წერენ, რომ რუსი სამხედროები ატარებდნენ დიდხნიან დაკითხვებს, რასაც მოჰყვებოდა მუქარა და დაშინება.
ასევე, იყო შემთხვევები სექსუალური ძალადობისა. ანგარიშის მიხედვით, სექსუალური ძალადობის მსხვერპლები გახდნენ როგორც ბავშვები ასევე, ხანშიშესულები.
აღსანიშნავია, რომ ანგარიშში ასევე საუბარია უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ჩადენილი ჰუმანიტარული უფლებების საერთაშორისო სამართლის დარღვევაზე. ასევე, განიხილება ორი ინციდენტი, რომელსაც სამხედრო დანაშაულის კვალიფიკაცია მიანიჭეს.