მთავარისაქართველოტექნიკური ინსპექტირების ასოციაცია: ავტომობილების ნახევარი მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს

ტექნიკური ინსპექტირების ასოციაცია: ავტომობილების ნახევარი მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს

ჰაერის ხარისხს საქართველოში გარემოს ეროვნული სააგენტო ზომავს. ამ სააგენტოს ბოლო წლების სტატისტიკით, ჰაერის დაბინძურების უმთავრეს ფაქტორს, მოძველებული ავტომობილების გამონაბოლქვი წარმოადგენს.

მოქალაქე ვახო გოგიას 22 წლის მანქანა ჰყავს. ამბობს, რომ არც მისთვისაა სასურველი ძველი ავტომობილით გადაადგილება. თუმცა, ამის მიზეზად ეკონომიკურ სიდუხჭირეს ასახელებს.

„ჩემი მანქანა არის 2000 წელს გამოშვებული. ძველია, ვიცი. ეს პრობლემა ბევრს გვეხება. თუმცა, ხალხის ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, სასურველია შეკეთება, ვიდრე ახლის ყიდვა. ამის ფული ძალიან ბევრს არ აქვს“, – ამბობს ვახო გოგია.

გამოკითხული მოქალაქეების დიდი ნაწილი ამბობს, რომ ჰაერში გამონაბოლქვი მკვეთრად იგრძნობა. მათი თქმით, დაბინძურებული ჰაერი სუნთქვის ხარისხსა და ჯანმრთელობაზე, უარყოფითად აისახება.

„მომატებული მანქანების და საცობების გათვალისწინებით, გამონაბოლქვი ძალიან იგრძნობა. სახლშიც, ფეხით გადაადგილებისას და ავტომობილით მგზავრობის დროსაც მკვეთრად იგრძნობა ცუდი სუნი. შემაწუხებელიცაა და ჯანმრთელობისთვის საზიანოა“, – ამბობს თბილისის მცხოვრები ზაზა ელიზბარაშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ქვეყნის ავტოპარკში მილიონ 400 000 ავტომობილია რეგისტრირებული, აქედან ახალი მხოლოდ 3%-ია.

ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე ვაჟა იორდანაშვილი ამბობს, რომ ავტომობილების ნახევარი მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. არსებული კანონმდებლობის ფონზე, დახარვეზებული ავტომობილების მფლობელებს კი ჯარიმის გადახდა ურჩევნიათ, რადგან  შეკეთება უფრო ძვირი ჯდება.

„მძღოლები თუ კარგად გააცნობიერებენ, თუ რამდენად დიდი ზიანის მოტანა შეუძლია მათ გაუმართავ ავტომობილს, როგორც ჰაერის დაბინძურების, ისე საფრთხის მხრივ, ეს იქნება მნიშვნელოვანი. რეგისტრირებული ავტომობილების ნახევარი ტექინსპექტირებას ვერ გადის. წახალისება იმისთვის არის მნიშვნელოვანი, რომ მძღოლებს სტიმული მიეცეთ ძველი ავტოპარკის ახლით ჩანაცვლებისათვის“, – ამბობს ვაჟა იორდანაშვილი.

იმისათვის, რომ საწვავის ემისიებით გამოწვეული გარემოზე ზემოქმედება შემცირდეს, დეპუტატებმა პარლამენტში ახალი საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინეს. კანონის გამკაცრების შემდეგ, ჯარიმები გაათმაგდება და 50 ლარიდან 500 ლარამდე გაიზრდება. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე ამბობს, რომ მიზანი ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება და ევრორეგულაციების შესრულებაა.

“ჩვენს მიერ შემუშავებული კანონპროექტი მიზნად ისახავს ჯარიმების ზრდას, ხარვეზების გამოუსწორებლობის შემთხვევაში. ეს თავის მხრივ დადებით გავლენას მოახდენს ჰაერის დაბინძურების შემცირებაზე, მოქალაქეების უსაფრთხოებასა და ევრორეგულაციების შესრულებაზე“, – აცხადებს მაია ბითაძე.

გარემოზე ზრუნვა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით აქვს ნაკისრი. ამ ვალდებულებით, ქვეყანაში საწვავის ხარისხი და ავტოპარკის მდგომარეობა უნდა გაუმჯობესდეს. თუმცა, სახელმწიფო ჯერ მხოლოდ კანონებს ცვლის და ჯარიმებს ზრდის.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend