მთავარი საქართველო დუდუ დადიანის მემორიალური ტურნირის გამარჯვებული "კავკასია" გახდა

დუდუ დადიანის მემორიალური ტურნირის გამარჯვებული “კავკასია” გახდა

ლეგენდარული ქართველი კალათბურთელის დუდუ დადიანის მემორიალური ტურნირის გამარჯვებული „კავკასია“ გახდა. ფინალურ მატჩში სტუდენტური დერბი „კავკასიასა“ და „თსუ-ს“ შორის გაიმართა. „კავკასიამ“ „თსუ“ 66:54 დაამარცხა.

დერბიმ განსაკუთრებული ინტერესი სტუდენტებში გამოიწვია. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, მაყურებლით სავსე დარბაზში, საოცარი ატმოსფერო იგრძნობოდა.  

„დღევანდელი დღე ძალიან გამორჩეულია. რადგან „კავკასიას“ ვეთამაშებით. მათ ძალიან კარგი მოთამაშეები ჰყავთ,“ – ამბობს „თსუ-ს“ გულშემატკივარი ირა რუხაძე.

თამაშით კმაყოფილია „კავკასიის“ გულშემატკივარი გიორგი იმედაძეც. „სამწუხაროდ, ხშირად ვერ დავდივარ. აქ ძალიან კარგი ატმოსფეროა. ძალიან მაგარია,“ – ამბობს გიორგი.

ფინალური შეხვედრა დაძაბული და სანახაობრივი იყო. საკალათბურთო უმაღლესი ლიგის სუპერლიგის დებიუტანტმა „კავკასიამ“ პირველი ტიტული მოიპოვა.

„ეს არის გულწრფელი გულშემატკივრობა. მადლობა „თსუ-საც“, რომელსაც ძალიან კარგი გულშემატკივრები ჰყავს. ეს ძალიან უხდება მთლიანად კალათბურთს. ცარიელ დარბაზში რომ ყოფილიყო დღეს თამაში, ასეთი ატმოსფერო არ იქნებოდა. ეს სტუდენტური დერბი იყო, ამიტომ უფრო სასიამოვნო იყო ამ თამაშში გამარჯვება“, – ამბობს საკალათბურთო კლუბ „კავკასიის“ მწვრთნელი ბექა წივწივაძე.

მატჩში ყველაზე შედეგიანი 27 ქულით „კავკასიას“ ლეგიონერი, კრის მაკნილი იყო. ის ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

„ეს ტურნირი მოსამზადებელ პერიოდს არ ჰგავდა. შეჯიბრებისთვის კარგად მოვემზადეთ. სამწვრთნელო შტაბმა კარგად იმუშავა. გულშემატკივრებთან ერთად ისეთი გარემო შეიქმნა, რომ თავს ოფიციალურ ტურნირზე ვგრძნობდით. საუკეთესო მოთამაშის ტიტული ჩემთვის მნიშვნელოვანია. ზაფხულში ბევრი ვიშრომე, თუმცა ჩემი თანაგუნდელების გარეშე ვერაფერს მივაღწევდი, ტურნირი გუნდური თამაშის შედეგად მოვიგეთ,“ – აღნიშნა ტურნირის საუკეთესო მოთამაშემ კრის მაკნილმა.

დუდუ დადიანის მემორიალი სუპერლიგის დაწყების წინ ყოველწლიურად იმართება. მეოცე საიუბილეო ტურნირში სუპერლიგის თერთმეტივე გუნდმა მიიღო მონაწილეობა.

„ყველას ახარებდა ის, რაც დღეს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ხდებოდა – ამდენი ადამიანი, ამდენი გულშემატკივარი. ასეთი ყიჟინა. დღეს გამარჯვებული არა მხოლოდ „კავკასიაა“, არამედ ქართული კალათბურთია.  იმედი მაქვს, რომ  ახალი საკალათბურთო სეზონის ასეთი კარგი დასაწყისი წინაპირობა იქნება იმისა, რომ სუპერლიგის გათამაშება, რომელიც კვირას აიღებს სტარტს, უფრო დაძაბული, უფრო ლამაზი, უფრო სანახაობრივი და, რაც მთავარია, მაყურებლით სავსე ტრიბუნებით იქნება“, – განაცხადა საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გამგეობის თავმჯდომარემ პაატა გურასპაულმა.

მოსამზადებელი ეტაპი დასრულდა. საქართველოს სუპერლიგა კი 23 ოქტომბერს დაიწყება. ამავე დღეს გაიმართება საქართველოს სუპერთასის ფინალი, რომელშიც ერთმანეთს „ქუთაისი“ და „ბათუმი“ დაუპირისპირდებიან.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend