მთავარისაქართველო„არა სიკვდილით სავსე ქალაქს“ – საპროტესტო აქცია პარლამენტთან

„არა სიკვდილით სავსე ქალაქს“ – საპროტესტო აქცია პარლამენტთან

„არა სიკვდილით სავსე ქალაქს“ – ამ გზავნილით საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქცია გაიმართა. რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა მოქალაქეები თბილისის მერის, კახა კალაძის გადადგომა მოითხოვეს.

აქციის მონაწილეები ვაკის პარკში, დენის დარტყმის შედეგად, 13 წლის მოზარდის დაღუპვის გამო, ყველა პასუხისმგებელი პირის დასჯას ითხოვდნენ.

საქართველოს პარლამენტთან მივიდნენ სამოქალაქო აქტივისტები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, უფლებადამცველები და სხვა მოქალაქეები, რომლებიც თანამდებობის პირების მხრიდან უფლებამოსილების არაჯეროვნად შესრულებაზე საუბრობდნენ. მათი განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით, პასუხისმგებლობას სრულად სახელმწიფოს ეკისრება.

„სწორედ მუნიციპალიტეტი და სახელმწიფოა პასუხისმგებელი ამ შესრულებულ სამუშაოზე (შადრევანის რეაბილიტაცია) და შესრულების ხარისხზე. რა თქმა უნდა, ჩვენ შეიძლება ვისაუბროთ კონკრეტული პირების მიმართ სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე, მაგრამ ზოგადად, როგორც სამართლებრივ კონტექსტში, ისე პოლიტიკურ კონტექსტში, პასუხისმგებლობა უმთავრესად არის სწორედ სახელმწიფოზე“ – აცხადებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი, რომელიც დღევანდელ აქციას შეუერთდა.

„პასუხისმგებლობა რომ არ არსებობს, ამის დემონსტრირება უკვე ყოველდღიურად ხდება ჩვენს ცხოვრებაში. ქალაქი და ქვეყანა კლავს და ყლაპავს ადამიანებს. ეს იმის დამსახურებაა, რომ მთელი სისტემა არაჯანსაღია. არაკომპეტენტურობა, კლანურობა, კორუფცია, ძმაკაცობა, ჩემიანობა – ეს არის დაავადება, რომელიც უნდა მოიცილოს საზოგადოებამ“ – ამბობს დღევანდელი აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ირაკლი ხვადაგიან.

დღეს, 13 ოქტომბერს, ვაკის პარკის შადრევანში ჩავარდნილი ბურთის ასაღებად ჩასულ სამ მოზარდს დენმა დაარტყა. სამივე მათგანი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ერთ-ერთი მოზარდის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ერთი მათგანის მდგომარეობა ექიმების შეფასებით, კვლავ მძიმეა. მესამე მოზარდი კი სამედიცინო დაწესებულებიდან უკვე გაწერეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც  ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას და შედეგად, ადამიანის სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

ნანუკა მეშველაშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend