უკრაინაში მიმდინარე მოვლენებისა და ზაპორიჟიაში ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე სამხედრო მოქმედებების ფონზე, პოლონეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით შექმნას იოდის აბების სადისტრიბუციო პუნქტები, საიდანაც მოსახლეობას უფასოდ შეეძლება მედიკამენტის აღება.
„ეს გადაწყვეტილება ე.წ. კრიზისის მართვას ექვემდებარება. ატომური ელექტროსადგურის აფეთქების შემთხვევისთვის მომზადებულები უნდა ვიყოთ. ტაბლეტები ე.წ. “სტაბილურ იოდს” შეიცავს. აბები განკუთვნილია იმისთვის, რომ ფარისებრი ჯირკვალი შესაძლო ზემოქმედებისა და იმ მავნებელი რადიოაქტიური იოდის შთანთქმისგან დაიცვას, რომელიც ატომური ელექტროსადგურის კატასტროფის შედეგად გამოიყოფა. ამ დროისთვის რადიოაქტიური ნივთიერების გამოყოფის რეალური საფრთხე არ არსებობს, მაგრამ ჩვენ გვსურს, მზად ვიყოთ ყველაზე ცუდი ვარიანტებისთვისაც კი“, – განაცხადა პოლონეთის შინაგან საქმეთა და ადმინისტრაციის ვიცე-მინისტრმა.
აბების გაცემის პუნქტები სკოლებში, მერიებსა და სახანძრო სადგურებზე მოეწყობა. ერთ-ერთი მილანუვეკის სახანძრო სადგურია.
„ფაქტობრივად, 24 თებერვლიდან ჩართული ვართ ამ ომში, რადგან ლტოლვილები აქ, ჩვენს ოთახებში, მივიღეთ. აბების პუნტქის გახსნა ჩვენთვის სიურპრიზი იყო, მაგრამ ჩვენ, შეიძლება ითქვას, ამისთვის მზად ვართ. მოსახლეობაში დაძაბულობაა. მათ აბებთან დაკავშირებით ბევრი კითხვა აქვთ. აინტერესებთ, როდის დაარიგებენ და როგორ უნდა მიიღონ პრეპარატი”, – ამბობს მეხანძრე მარცინ როსაკი.
მოსახლეობას ასევე აინტერესებს, თუ რა გვერდითი მოვლენები ექნება წამალს, განსაკუთრებით კი ბავშვებისთვის.
მთავრობის გეგმით, ტაბლეტების გაცემის პროცედურა სწრაფი და მარტივი უნდა იყოს. ბოლო კვირების განმავლობაში პოლონეთში უკვე ბევრი ადამიანი ყიდულობს იოდის აბებს. ზოგი კი მედიკამენტს სკეპტიკურად უყურებს, მის ეფექტიანობას ეჭვქვეშ აყენებს და შესაძლო გვერდით მოვლენებზე ღელავს, როგორც ეს ვაქცინების შემთხვევაში იყო.