მთავარისაქართველომკაცრი გზავნილები ვაშინგტონიდან - რა აშფოთებს აშშ-ს

მკაცრი გზავნილები ვაშინგტონიდან – რა აშფოთებს აშშ-ს

ბოლო პერიოდში საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის მიმართ, მმართველი პარტიის ფორმალურად უკვე ყოფილი დეპუტატების მიერ გამოთქმული ბრალდებები კატეგორიულად მიუღებელი აღმოჩნდა თავად სტრატეგიულად პარტნიორი ქვეყნისთვის.

თბილისში მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ბონი ჯენკისმა ამერიკისთვის უაღრესად შემაშფოთებელი თავდასხმები უწოდა პოლიტიკოსების ქმედებებს და დიპლომატიის ენით, პოლიტიკურ ლიდერებს ვაშინგტონიდან მკაცრი გზავნილები გადმოსცა.

„შეხვედრების განმავლობაში მოუთმენლად ველოდები, რომ ვაშინგტონიდან ​გადმოგცეთ გზავნილი ძლიერი მხარდაჭერისა იმ უზარმაზარი და უმნიშვნელოვანესი სამუშაოს მიმართ, რასაც ელჩი დეგნანი და მისი საელჩოს გუნდი ახორციელებს საქართველოში. სწორედ იმისთვის, რომ მხარი დაუჭიროს და წინ წასწიოს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები, საქართველოს მთავრობის მიმართ იმ მზაობისთვის, რაც მათ აქვთ ჩვენთან თანამშრომლობისთვის ამ საკითხების გადასაჭრელად. თუმცა, ეს ძალისხმევა არ ყოფილა ადვილი, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, როდესაც ჩვენთვის უაღრესად შემაშფოთებელი იყო ის პირადი თავდასხმები ელჩ დეგნანზე და საელჩოზე, რაც ვიხილეთ. მოდით, ძალიან მკაფიოდ ვთქვათ, ეს არის ნაწილი დეზინფორმაციის უფრო დიდი სქემისა, რომელიც მიმართულია სიმართლის დაფარვისკენ, დამალვისკენ ევროპაში შექმნილი კრიზისის ირგვლივ, კრიზისისა, რომელიც ერთმა ადამიანმა შექმნა“,- განაცხადა ბონი ჯენკისმა.

საპარლამენტო ოპოზიცია მიიჩნევს, რომ აშშ-ის მიმართ ნებისმიერი ფორმით სალანძღავი რიტორიკა, ყოფილი პრემიერის და მათი თქმით, ქვეყნის არაფორმალური მმართველის ბიძინა ივანიშვილის დავალებაა „ქართული ოცნების“ ლიდერებისთვის. ამას კი როგორც ოპოზიციონერები ამბობენ, ბიზნესმენი თავისი ძალაუფლებისა და ქონების გადასარჩენად აკეთებს.

„ეს კამპანია, რასაც ივანიშვილი აწარმოებს – ჯერ ოთხეული, მერე „ცხრეული“ გახდა, მერე აღმოჩნდა, რომ მთლიანად „ქართული ოცნება” ყოფილა ამ კამპანიის ინიციატორი, რადგან თავადვე თქვეს, რომ არავითარი განსხვავება არ აქვთ, არც პოლიტიკური არც მორალური და ერთადერთი განსხვავება ყოფილა თურმე რიტორიკაში, რომ ესენი (“ხალხის ძალა”) ქვებს ისვრიან და მეორე ფრთა უფრო გონიერია. ეს არის ივანიშვილის შეკვეთით „ქართული ოცნების” თავდასხმა ამერიკის შეერთებულ შტატებზე და ევროკავშირზე – ელჩით დაიწყეს და გადავიდნენ თავად აშშ-ზე, ეს არის პირდაპირ რუსული ინტერესების გატარება საქართველოში, ბიძინა ივანიშვილი ვერ აზროვნებს ადეკვატურად, გამომდინარე მისი ფინანსების პრობლემებისა შვეიცარიაში და ჩაციკლულია ერთ თემაზე, მას ჰგონია, კონსპიროლოგიური თეორიის სტილში, რომ ვიღაც ძალები ხელს უშლიან ამ ფულის დაბრუნებაში და გადაწყვიტა, რომ თუ აშშ -ს და ევროკავშირს შეუტევს, დააშანტაჟებს, მაშინ მის პრობლემას ეშველება და მთელი საქართველოს ხელისუფლება გადაიქცა ივანიშვილის ფინანსური პრობლემის მოგვარების შტაბად. ამიტომ განცხადება, რომელიც აშშ-ის, სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის მოადგილემ გააკეთა, პირდაპირ არის მინიშნება ხელისუფლების მიმართ, რომ ამას მოჰყვება სანქციები, ივანიშვილი ვერ გრძნობს, როგორ უჭერს ყელზე სანქციების ყულფი და არა მარტო ივანიშვილი, ბევრი დეპუტატი აქ, იმ ცხრას არ ვგულისხმობ მხოლოდ, ბევრი მოჰყვება სანქციების ქვეშ“, – განაცხადა „ენმ“-ის ფრაქციის წევრმა რომან გოცირიძემ.

საქართველოში აშშ-ის ე.წ. აქამდე უცნობ მიზნებზე სალაპარაკოდ, საპარლამენტო უმრავლესობის ოთხმა დეპუტატმა ცალკე გასვლა გადაწყვიტა. მათ გარკვეული დროის განმავლობაში აშშ-ის საელჩოს, პერსონალურად ელჩის, კელი დეგნანის მიმართ არაერთი განცხადება აკეთეს. შემდეგ ეს ოთხეული ცხრა გახდა და ახლა უფრო მეტი შემართებით აპირებენ დასავლეთის მხილებას, თურმე ჩვენი ქვეყნისადმი მზაკვარ და საეჭვო მიზნებთან დაკავშირებით. ეს დეპუტატები ამბობენ, რომ ასეთი პოლიტიკა საზოგადოებისთვის მეტი სიმართლის თქმას ისახავს მიზნად. მათ ამ ნაბიჯში „ქართული ოცნების“ ლიდერების მხარდაჭერაც აქვთ. თუმცა, მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სულაც არ თვლის, რომ მათი რიტორიკა ელჩზე თავდასხმაა. პირიქით, ამ ქმედებებში ოპოზიციას ადანაშაულებს.

“საუბარი იყო თავდასხმაზე. ეს ტერმინი იყო გამოყენებული. არ მახსენდება არცერთი თავდასხმა აშშ-ის ელჩზე, გარდა ორისა. ორი გამონაკლისი იყო, ერთი ეკუთვნოდა ნიკა გვარამიას და მეორე ნიკანორ მელიას. რომელმაც „თვალწარმტაცი“ უწოდა ელჩს. მათ ჰქონდათ ასეთი განცხადებები, გამონათქვამები, მათ შორის შეურაცხმყოფელი გამონათქვამები. სხვა თავდასხმა მე უბრალოდ არ მახსენდება. შესაბამისად, რა ვიცი ვის გულისხმობდა. თავად მას უნდა ჰკითხოთ, მაგრამ მე ასე ვიტყოდი, რომ თავდასხმა იყო მხოლოდ ორი-მელია და გვარამიას მხრიდან, სხვა თავდასხმა აშშ-ის ელჩზე არ ყოფილა. ჩვენი კოლეგები უმრავლესობიდან მხოლოდ კითხვებს სვამენ. ეს თავდასხმა არ არის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რა გაგრძელება მოჰყვება ვაშინგტონიდან ამ გზავნილის შემდეგ, მმართველი პარტიის ლიდერებისგან და „ქართული ოცნებიდან“ ფორმალურად გასული დეპუტატების მხრიდან, ჯერ უცნობია. მათივე განცხადებით, ე.წ. მხილების ამ მიმართულებით დიდი გეგმები აქვთ.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend