მთავარიევროპაუკრაინაირპინი - ცხოვრება ოკუპაციის შემდეგ

ირპინი – ცხოვრება ოკუპაციის შემდეგ

აკულენკოების ოჯახს „ევრონიუსი“  2019 წელს უკრაინაში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნების დროიდან იცნობს. მაშინ ანასტასია და რომან აკულენკოები ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ სამწლინახევრის შემდეგ ორ ქალიშვილთან ერთად სარდაფში დამალვა და შემდეგ სიცოცხლის გადასარჩენად გაქცევა მოუწევდათ

კიევის ეს გარეუბანი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრიდან მალევე დაზარალდა. ოჯახი ჯერ სხვა რეგიონში, ქალაქგარეთ გადავიდა, შემდეგ ანასტასია და გოგონები პოლონეთში წავიდნენ. ოჯახი კიდევ ერთხელ ზაფხულში გაერთიანდა, თუმცა მათ შვილებს ჯერ არ უნახავთ, რა ბედი ეწია მათ სახლს. მშობლებისთვის კი ამ ადგილებში დაბრუნება მძიმეა, რადგან ცხოვრების ყველაზე რთულ დროს ახსენებს მათ.

ანასტასია  აკულენკოს მეუღლე აივანზე იყო გასული, როდესაც სამხედრო თვითმფრინავები გამოჩნდნენ მათ თავზე. მას ეგონა, რომ მათი მიმართულებით ისროლეს რაკეტები, ამიტომ ოჯახის წევრებს  უთხრა, იატაკზე დაწოლილიყვნენ. ისინი ჯერ აბაზანაში იმალებოდნენ. შემდეგ კი იქვე ჩაიცვეს და სარდაფში ჩავიდნენ. ბავშვებს აღარ უნდოდათ იქიდან ამოსვლა. ერთი ღამე სარდაფში გაათენეს, მეორე დღეს კი გზას დაადგნენ.

საფრთხის მიუხედავად, საცხოვრებელი კორპუსიდან მოხალისეებმა ცოტა ხანში ყველა მოსახლე გამოიყვანეს. თავდაპირველად ოჯახის წევრებს არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდათ, თუ რა მდგომარეობაში იყო მათი სახლი.  შემდეგ ანახეს ვიდეოკადრები, რომლებშიც ჩანდა, რომ მათი სახლის ქვედა ორ სართულს რაკეტა მოხვდა. ხანძარს უშუალოდ მათ სახლამდე არ მიუღწევია, თუმცა მაღალი ტემპერატურის გამო თითქმის მთელი ავეჯი და ინვენტარი განადგურდა.

მათ კარგი ამბავიც აქვთ.  აკულენკოების სახლის აღდგენა ჯერ ისევ შესაძლებელია. წყვილი დანებებას არ აპირებს და ფიქრობს, რომ ესეც ერთგვარი შესაძლებლობაა საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად.

რომან აკულენკო იხსენებს, რომ მეზობლებისგან წამოსული ცეცხლი მათ აივანს მოედო და მთლიანად დაიწვა. ფანჯარაც კი.  მხოლოდ კარი დარჩა. კედელშიც უზარმაზარი ხვრელი გაჩნდა, მართალია, კარგი ხედი გამოჩნდა, თუმცა მაინც გადაწყვიტეს, ზამთრისთვის ამოექოლათ.

აკულენკოებმა უკვე  დაგეგმეს, რას გააკეთებენ. დენის წყაროების განაწილებისას დაშვებულ შეცდომებსაც გამოასწორებენ. თუმცა, მათი თქმით, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ომის დასრულებაა. მხოლოდ ამის შემდეგ იქნება ყველაფერი უკეთესად.

თუმცა განახლებისა და აღდგენის პროცესი მომავალ წლამდე ვერ დაიწყება. თავდაპირველად ხელისუფლება ფიქრობდა, რომ სრულად დაენგრიათ კორპუსი, თუმცა შემდეგ მისი გარემონტება გადაწყდა. სამუშაოების დაწყების თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

სერიოზულადაა დაზიანებული სახურავიც. ადგილობრივი პოლიტიკოსების, საქველმოქმედო და მოხალისეთა ორგანიზაციების დახმარებით კი ზამთრისთვის სახურავი მსუბუქი დამცავი ბრეზენტით გადახურეს.

გასულ ზამთარს ამ ოჯახის ცხოვრება თავდაყირა დადგა.  ახლა კიდევ ერთი ზამთარი მოდის. აკულენკოების ოჯახს იმედი აქვს, რომ წლევანდელი ზამთარი უკრაინას გამარჯვებასა და სრულ უსაფრთხოებას მოუტანს. უკრაინელები კი ახალ ფურცელს გადაშლიან და ცხოვრებას თავიდან დაიწყებენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend