მთავარიევროპაუკრაინარუსი სამხედროების იერიშს მიკოლაივკაში მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა

რუსი სამხედროების იერიშს მიკოლაივკაში მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა

აღმოსავლეთ უკრაინის სოფელ მიკოლაივკაში რუსულმა ძალებმა იერიში იმ სკოლაზე მიიტანეს, რომელსაც მოსახლეობა თავს აფარებდა.

თავდასხმის დროს სკოლის სარდაფში 15-მდე ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ორი ბავშვი და ერთი შშმ პირი.

თავდასხმას 63 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა, ის სკოლაში დარაჯად მუშაობდა. მაშველები მის ცხედარს შენობის ნამსხვრევების ქვეშ საათობით ეძებდნენ. როდესაც მაშველებმა ნანგრევების ამოთხრა დაიწყეს, გარდაცვლილის ქალიშვილი დანგრეული კორპუსისკენ გაიქცა. ის მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა უკან მოაბრუნეს.

69 წლის მიკოლა მოროზი თავდასხმას შეესწრო. ის ომის დაწყებიდან მოყოლებული, ღამით სკოლის შენობაში რჩებოდა, რადგან ეს ყველაზე უსაფრთხო ადგილი ეგონა. თავდასხმის დღეს მან გვიან გაიღვიძა და გარეთ სიგარეტის მოსაწევად არ გასულა. მისი თქმით სწორედ ამიტომ გადარჩა ცოცხალი. აფეთქების შემდეგ ის სარდაფში სხვა ადგილობრივებთან ერთად დარჩა.

„რისთვის მჭირდება ეს რუსული სამყარო? მთელი ცხოვრება ბეჯითად და პატიოსნად ვმუშაობდი. მშვენიერი ცხოვრებით ვცხოვრობდი. ტანსაცმელიც მქონდა, ფეხსაცმელიც და ყველაფერი”,  – წუხს მიკოლა მოროზი.

დონბასისა და აღმოსავლეთ უკრაინის რეგიონს რუსეთი კვლავ ბომბავს. ხოლო ლუჰანსკა და ხერსონის ოკუპირებულ რეგიონებში მოსკოვის მიერ დანიშნული ხელმძღვანელები ე.წ. რეფერენდუმის საფუძველზე რუსეთთან შეერთებას ითხოვენ.

„რეფერენდუმის შესახებ ტელეგრამზე წავიკითხე. ეს ყველაფერი დიდი ტყუილია. რუსი ჯარისკაცები ქუჩებში დადიოდნენ და მოსახლეობას ხმის მიცემისკენ მოუწოდებდნენ, მაგრამ გარეთ არავინ გასულა“, – იხსენებს მიკოლა მოროზი.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ოთხ რეგიონში ჩატარებული ე.წ. რეფერენდუმები, რომელის შედეგადაც ადგილობრივი მოსახლეობამ რუსეთთან შეერთებას დაუჭირა მხარი, უკრაინამ და დასავლეთმა უკანონოდ ცნო.

„არც კი ვიცი რა უნდა ვთქვა, აღარაფერი აღარ მინდა. დიახ, რეფერენდუმის შესახებ წავიკითხე. ამ პოლიტიკის არაფერი არ გვესმის. არავინ იცის რა ჯობია, არავინ იცის რას უნდა ელოდო. ყველაფერი, რაც ხდება უბრალოდ სამწუხარო და საშიშია”, – ამბობს ადგილობრივი ოლენა.

მიკოლაივკა დაახლოებით 30 კილომეტრში მდებარეობს ქალაქ ლიმანიდან, რომელსის რუსების მიერ არის ოკუპირებული, ხოლო უკრაინული ძალები მის დაბრუნებას ცდილობენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend