მთავარისაქართველოსახალხო დამცველის კანდიდატურის წარდგენის ვადა 29 სექტემბერს იწურება

სახალხო დამცველის კანდიდატურის წარდგენის ვადა 29 სექტემბერს იწურება

სახალხო დამცველის თანამდებობაზე ასარჩევად, პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის მიერ გამოცემული ბრძანების შესაბამისად, კანდიდატების წარდგენის ორკვირიანი ვადა 29 სექტემბერს იწურება. სამოქალაქო სექტორმა საკანონმდებლო ორგანოს სამი კანდიდატი უკვე წარუდგინა.

ანა აბაშიძე – არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი; ნაზი ჯანეზაშვილი – ორგანიზაცია „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ დირექტორი და გიორგი ბურჯანაძე – მოქმედი სახალხო დამცველის მოადგილე.

საპარლამენტო ოპოზიციის დიდი ნაწილი აპირებს, რომ ამ სამი კანდიდატიდან ერთ-ერთს მხარი დაუჭიროს. იგივეს მოუწოდებენ მმართველ პარტიასაც. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, სამივე კანდიდატი სანდო და კვალიფიციურია.

„ჩვენთვის სამივე კანდიდატი არის პატივსაცემი. რა სტრატეგიით წავალთ, სამს დავასახელებთ თუ ერთს, ამაზე გვჭირდება კონსულტაცია ოპოზიციონერ კოლეგებთან, და შემდეგ აუცილებლად გეტყვით ჩვენს გადაწყვეტილებას. ზოგადად, მე კითხვები არ მაქვს არასამთავრობო სექტორთან, თუ რა კრიტერიუმებით შეჯერდნენ ამ კანდიდატებზე. კითხვები მაქვს „ქართულ ოცნებასთან“, – განაცხადა პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ.

„ქართული ოცნება“ ეჭვით უყურებს სამოქალაქო სექტორის მიერ წარდგენილ და ოპოზიციის მიერ მოწონებულ კანდიდატებს. მმართველ პარტიაში წინასწარ ამბობენ, რომ სავარაუდოდ ამ კანდიდატებიდან სამივეს, ხელისუფლების ხშირი კრიტიკა აწევთ ტვირთად და დიდი ალბათობით მათ მხარს არ დაუჭერენ. საპარლამენტო უმრავლესობა დაინტერესებულ პირებს მოუწოდებს, მაქსიმალურად გამოიყენონ დარჩენილი დრო და კანდიდატურები წარადგინონ.

“სამოქალაქო სექტორის ნაწილმა წარმოგვიდგინა სამი კანდიდატი. ისიც ცხადი არის, რომ ეს პროცესი არ იყო გამჭვირვალე. დახურულ ფორმატში მიმდინარეობდა და არ ვიცით რა კრიტერიუმებით მოხდა მათი დასახელება. წინასწარ გეტყვით, იმ კანდიდატებს, რომელთა მიმართებაშიც გამოკვეთილია კითხვის ნიშანი მათი პოლიტიკური ნეიტრალიტეტის საკითხში, მმართველი პარტიის მხარდაჭერა არ ექნება. დანარჩენი, დაველოდოთ ხვალინდელ დღეს და ვნახოთ ვინ გვეყოლება საბოლოო ჯამში კანდიდატებად“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ.

პარლამენტში, ოპოზიციის ნაწილი და „ქართული ოცნება“ უკვე შეთანხმდა იმ 9 კაციანი კომისიის შემადგენლობაზე, რომელმაც ომბუდსმენის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილი კანდიდატები უნდა შეაფასოს. სახალხო დამცველის გამჭვირვალედ არჩევის მოთხოვნა, ევროკავშირის 12 რეკომენდაციაში ერთ-ერთია. ახლა სამოქალაქო სექტორმა, პოზიციამ და ოპოზიციამ ურთულესი ამოცანა უნდა შეასრულოს – მიაღწიონ კონსენსუსს და ერთობლივი მხარდაჭერა გამოუცხადონ ყველაზე სასურველ კანდიდატს.

ალეკო გვეტაძე

 

უახლესი

სხვა ამბები

00:02:20
spot_imgspot_img
Send this to a friend