ჰიჯაბის არასწორად ტარების მიზეზით პოლიციის მიერ დაკავებული მაჰსა ამინის გარდაცვალებას ირანის ისლამურ რესპუბლიკაში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. აქციები უკვე მეთორმეტე დღეა მიმდინარეობს. სახელმწიფოში ინტერნეტზე წვდომა შეზღუდულია, ხელისუფლება კი მშვიდობიანი მოსახლეობის საპროტესტო გამოსვლებს ძალისმიერი მეთოდებით შლის.
“ჩვენს ხელთ არსებული მტკიცებულებები ადასტურებს, რომ ირანელი სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს ცეცხლს უხსნიან, დაჭრილი არიან არასრულწლოვანები, კაცები და ქალები. საშინელი სურათის მომსწრენი ვართ, სამართალდამცველები ცეცხლს მოსახლეობას ახლო მანძილიდან უხსნიან, რომ მაქსიმალური ზიანი მიაყენონ“, – ამბობს ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეიშენალის“ მკვლევარი ირანის საკითხებში რაჰა ბაჰრეინი.
არგენტინაში ირანის ისლამური რესპუბლიკის ბევრი მოქალაქე ირანის საელჩოსთან ქალების მხარდასაჭერად შეიკრიბა. მათ მიერ აქციაზე გაშლილ ბანერებზე კი წერია: „ირანში თეოკრატიული დიქტატურაა“.
ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეები საპროტესტო გამოსვლებს აწყობენ ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, კერძოდ, ქალაქ ნიუ-იორკში გამოცემა „ნიუ-იორკ თაიმსის“ ცენტრალურ ოფისთან. საპროტესტო აქციებს ირანის ისლამურ რესპუბლიკაში 70-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.