მთავარისაქართველოთბილისის თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა დასრულდა

თბილისის თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა დასრულდა

გალერეები, მხატვრები , კურატორები და ხელოვნების მოყვარულები თბილისში expo Georgia-ს სივრცეში პანდემიით გამოწვეული 2 წლიანი პაუზის შემდეგ კვლავ შეიკრიბნენ.

დამთვალიერებელი ძველი გალერეების მიერ წარმოდგენილი მხატვრების ნამუშევრებს გაეცნო და ასევე შესაძლებლობა ჰქონდა აღმოეჩინა თანამედროვე ხელოვანების ნამუშევრები როგორც ქართული, ასევე უცხოური გალერეების სივრცეში.

„ვერნისაჟი“ ამ საგამოფენო სივრცეში ერთი-ერთი ყველაზე ძველი გალერეაა, რომელიც უკვე 20 წელიწადზეა მეტია არსებობს და 2022 წლის გამოფენა- გაყიდვაზე ორი ქართველი და ერთ ავსტრიელი მხატვრის ნამუშევრებითაა წარმოდგენილი.

„ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია აქ ვიყოთ უცხოელები, რომლებიც აქ ჩამოდიან გაეცნობიან ქართველ მხატვრებს და ასევე ქართველი დამთვალიერებელი შეძლებს ნახოს სხვა ქვეყნის არტისტების ნამუშევრები. აქ უამრავი ახალგაზრდა მოდის და ჩვენი ერთ-ერთი მიზანი სწორედ ისაა, რომ ძველი გალერეები ახალგაზრდებმა გაიცნონ“- ამბობს გალერეა “ვერნისაჟის” კურატორი

ზოგიერთ გალერეაში გვერდიგვერდ ძველი და ახალი თაობის მხატვრების ნამუშევრები იყრის თავს, თუმცა გალერეა life n style-ის სახელოსნოს თავისი გამორჩეული ნიშაც აქვს:

„ეს ერთადერთი გალერეაა, რომელმაც აღადგინა ხელით ბეჭდვის უნიკალური ტექნიკა, რასა ვუწოდებთ სერიგრაფიას, ასევე მეორე სივრცეში ჩვენ გვაქვს ჩინელი არტისტის ნამუშევრები, რომელიც ძალიან საინტერესოა.“- ამბობს გალერეა “Life N style”-ის დამფუძნებელი ნანა ყირმელაშვილი

აქვეა XX საუკუნის ქართული მხატვრობის ერთ-ერთი მთავარი ფიგურის დავით კაკაბაძის სახელობის ფონდის სივრცეც, რომელიც 2022 წელს თანამედროვე ხელოვნების ბაზრობაზე კოკა რამიშვილის ნამუშევრებს წარმოადგენს.

თუმცა ორგანიზატორების თქმით თბილისის თანამედროვე ხელოვნების ბაზრობის მთავარი ხიბლი იმაშია, რომ აქ 20-ზე მეტი ქვეყნის სხვადასხვა ხელოვანის ნამუშევარი დამთვალიერებლისთვის შთაგონების წყაროდ შეიძლება იქცეს და აჩვენოს თუ რა როლი აქვს ხელოვნებას მაშინ, როცა მსოფლიო პანდემიისგან, ომისგან და სხვა სირთულეებისგან თავის დაღწევას ცდილობს:

„ამ ბაზრობის მთავარი მიზანია, მოკლე დროში მნახველს აჩვენოს თუ როგორია ქართული თანამედროვე ხელოვნება და ასევე წარმოაჩინოს მსოფლიო ტენდენციები. აქ 20-25 ქვეყანაა წარმოდგენილი, ამიტომ სტუმრებს შეუძლიათ შთაგონება ამ ნამუშევრებში ეძებონ. ამ პერიოდში ეს ყველაფერი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არა იმიტომ რომ ხელოვნებას მსოფლიოს გადარჩენა შეუძლია არამედ იმიტომ რომ ჩვენ უნდა ვაჩვენოთ სიცოცხლე, როცა სიკვდილს ამდენი ადგილი აქვს ახლა ჩვენს ცხოვრებაში , უნდა აჩვენო რომ ყველაფერი წინ მიდის, რომ რაღაც ახალი იქმნება“- ამბობს თბილისის თანამედროვე ხელოვნების ბაზრობის არტ დირექტორი ერიკ შლოსერი.

თანამედროვე ხელოვნების მოყვარულებისთვის 4 დღიანი გამოფენა-გაყიდვა დასრულდა, ბევრი მათგანის თქმით, თბილისის თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა დროსთან ერთად განვითარდა, მისი მთავარი დანიშნულება კი უცვლელი დარჩა- აჩვენოს ის, რომ ახლის შექმნა მძიმე და დამთრგუნველ რეალობაშიც შესაძლებელია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend