მთავარისაქართველოპოლიტიკის ანალიტიკოსები შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზე სამსჯელოდ შეიკრიბნენ

პოლიტიკის ანალიტიკოსები შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზე სამსჯელოდ შეიკრიბნენ

კონფერენცია და საჯარო დისკუსია პოლიტიკისა და უსაფრთხოების სპეციალისტებს შორის რეგიონში არსებულ რთულ ვითარებასთან დაკავშირებით, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა. თემაზე – „უკრაინაში რუსეთის შემოჭრის გავლენა შავი ზღვის ფართო უსაფრთხოებაზე: საქართველო, უკრაინა და აზერბაიჯანი“, ქართველმა და მოწვეულმა ექსპერტებმა ერთი დღის განმავლობაში იმსჯელეს. შავი ზღვის რეგიონი ევროპის კონტინენტის ყველაზე არამდგრადი ნაწილი გახდა ცივი ომის შემდეგ. ასე თვლიან დასავლეთში და აქამდე არსებული პოლიტიკის გადახედვისა და რადიკალურად შეცვლის მიმართულებით, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.

მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში სასტიკი ომი დაიწყო, რეგიონში უსაფრთხოების მხრივ ვითარება მყისიერად იცვლება და სიტუაციას არაპროგნოზირებადს ხდის. დოკუმენტის შესახებ „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორი კორნელი კაკაჩია ამბობს, რომ მიმოხილვა პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად შეიმუშავეს. ამ მიმოხილვაში საქართველოს, უკრაინასა და აზერბაიჯანის წინაშე არსებული გამოწვევებისა და ევროპული უსაფრთხოების ახალი წესრიგის ორგანიზების შესახებ, პოლიტიკის ანალიტიკოსების ხედვებია წარმოდგენილი.

„რაც ახლა შავი ზღვის რეგიონში ხდება უსაფრთხოების მხრივ, არის უპროგნოზო. თუმცა, გარკვეული კონტურები მაინც გამოკვეთილია. რეგიონის ქვეყნები ცალკე, ამ სირთულეებს, მათ შორის უსაფრთხოების, ეკონომიკური და სოციალური მიმართულებებით ვერ გაუმკლავდებიან. განსაკუთრებით მძაფრია ლტოლვილების მოზღვავებული რაოდენობა. არის კიდევ უამრავი საკითხი და პრობლემა, რაც ამ მიმდინარე ომის დასრულების შემდეგ წარმოიშობა. ამიტომ, დასავლეთის ქვეყნებს მართებს მეტი ყურადღება, რათა კოლექტიურად, საერთაშორისო აქტორების ჩართულობით, გააქტიურდეს ძალისხმევა, რომ დავძლიოთ ის გამოწვევები, რასაც რუსეთის ქმედებები ქმნის რეგიონში“, – განაცხადა კორნელი კაკაჩიამ.

დისკუსიის ფორმატის შეხვედრა საქართველოში ევროკავშირის ახალმა ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ გახსნა. ელჩის განცხადებით, მისთვის კარგად არის ცნობილი შავი ზღვის რეგიონში არსებული ვითარება და ისიც, რომ რუსეთი ამ რეგიონისა და უკვე მთელი მსოფლიოსთვის საშიში მოთამაშეა.

„თბილისში გამართულ დისკუსიაში ჩემი პირველი მონაწილეობაა და ძალიან მნიშვნელოვან თემაზე. უკრაინაში რუსეთის შეჭრამ, ნამდვილად შეცვალა რეგიონის უსაფრთხოება. ახლა მთავარია წინდახედულობა, რათა ერთობლივი ძალისხმევით მოხდეს ამ სიტუაციიდან გამოსვლა… სამწუხაროდ, მე ვერ გეტყვით, რა დამოკიდებულება უნდა იყოს რუსების მასობრივი შემოსვლის მიმართ. ეს ქართველებისა და საქართველოს ხელისუფლების გადასაწყვეტია. რა თქმა უნდა, სრულად მესმის, რომ რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებამ, დაეწყო ნაწილობრივი მობილიზაცია, გამოიწვია რუსების ნაკადი. თუმცა, ეს საქართველოს გადასაწყვეტია“, – განაცხადა ელჩმა.

ორგანიზატორების განცხადებით, დისკუსიიის მთავარი მიზანია გაირკვეს, როგორ აღიქვამენ პოლიტიკური ელიტები და ექსპერტები საქართველოში, უკრაინასა და აზერბაიჯანში რეგიონის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით შექმნილ სირთულეებს. ასევე, რა გაკვეთელებს ვსწავლობთ ამ მძიმე გამოცდილებით. პოლიტიკის ანალიტიკოსები, რომლებიც ამ შეხვედრას დაესწრნენ, ამბობენ, რომ ახლა რეგიონის ქვეყნებისთვის, ვისაც რუსეთისგან დახსნა სურს, საუკეთესო სტრატეგიის შემუშავების პერიოდია.

„როდესაც და მალე რუსეთი დამარცხდება მის მიერვე წამოწყებულ ავანტიურულ ომში, ყველამ, მაქსიმალური ძალისხმევა უნდა გავწიოთ, რომ რუსეთის სამხედრო ძალით ყოფნა სუვერენული ქვეყნების ტერიტორიებზე, განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში, მინიმიზირებული იყოს. იმიტომ რომ, ის ამას იყენებს რეგიონში დესტაბილიზაციისთვის. ყველამ კარგად უნდა გავიგოთ, რომ რუსეთი რეგიონში და უკვე მთელ მსოფლიოში არის მთავარი დესტაბილიზატორი, აქტორი, რომლის ნდობაც არის შეუძლებელი. მას აქვს ჩვენი და არა მარტო ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებული. ეს მომენტი, ეს გეოპოლიტიკური კონტექსტი გვაძლევს ახლა შანსს, რომ გამოვიყენოთ რუსული დეოკუპაციისთვის. ეს იქნება გადამწყვეტი მოცემულობა, მომავალი მშვიდობის უზრუნველყოფისთვის და იმისთვის, რომ საქართველომ, როგორც ხიდმა ორ კონტინენტს შორის, შეიძინოს და დაიმკვიდროს პოლიტიკურ-ეკონომიკური სტრატეგიული ადგილი“, – განაცხადა „ატლანტიკური საბჭოს“ დირექტორმა საქართველოში ბათუ ქუთელიამ.

ექსპერტების უმრავლესობას მიაჩნია, რომ სანამ ყირიმის საზღვაო აკვატორიის წყალობით, რუსეთის ფლოტი შავ ზღვას აკონტროლებს, მანამ უსაფრთხოების არც ერთი მექანიზმი რეგიონისათვის საკმარისი არ იქნება. ისინი დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდებენ, გააქტიურონ რეგიონის მიმართ ყურადღება, რათა ძირითადმა მოთამაშეებმა უფრო გაბედული ნაბიჯები გადადგან უპროგნოზო რუსეთის გავლენებისგან თავის დასაცავად სამხედრო კონფლიქტებისა და პირდაპირი კონფრონტაციის გარეშე.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend