მთავარისაქართველოომბუდსმენობის მსურველებს კანდიდატურის წარსადგენად ვადა 29 სექტემბრამდე აქვთ

ომბუდსმენობის მსურველებს კანდიდატურის წარსადგენად ვადა 29 სექტემბრამდე აქვთ

სახალხო დამცველის მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე, საკუთარი კანდიდატურის წადგენას გეგმავს

რამდენიმე დღე რჩება პარლამენტში სახალხო დამცველის კანდიდატის სტატუსის განაცხადის წარდგენის ამოწურვამდე. სახალხო დამცველობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, მარიკა არევაძემ კი დღეს, 26 სექტემბერს, საპარლამენტო ოპოზიციურ პარტიებს წერილობით მიმართა. მიმართვის მიზანი დეპუტატებთან შეხვედრა და ინსტიტუციის განვითარების მიზნით, საკუთარი ხედვების გაზიარება იყო.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანია, გამომდინარე იქიდან, რომ გაცხადებულია, რომ ოპოზიციური პარტიების მხრიდან მოხდება კანდიდატების შერჩევა. მნიშვნელოვანია, მათ ჩემი მოსაზრება ჰქონდეთ, რომ მიცნობდნენ, იცოდნენ ჩემი ხედვები და ასე შეიქმნას ჯანსაღი კონკურენცია. ვინაიდან ომბუდსმენის არჩევის პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ გამჭვირვალეობა“, – თქვა სახალხო დამცველის კანდიდატმა, მარიკა არევაძემ.

ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ კანდიდატებთან შესახვედრად მზად არიან. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით მუშაობა გრძელდება.

„პოზიტიური განწყობილების ვარ მარიკა არევაძესთან დაკავშირებით. ის ბევრ კარგ საქმეს აკეთებს და, რა თქმა უნდა, თუ მისი სურვილია, აუცილებლად შევხვდებით. მაგრამ ის, რაც გვაქვს ჩვენ ნათქვამი, რომ სამოქალაქო სექტორის შერჩევის პროცესს ველოდებით, ეს იქნება ჩვენთვის მთავარი განმსაზღვრელი საბოლოო გადაწყვეტილების შერჩევაში“, – განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.

„სახალხო დამცველთან დაკავშირებით ჩვენი კონსულტაციები მიმდინარეობს ოპოზიციურ პარტიებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ჩვენ ვართ სამუშაო რეჟიმში და ეს სამუშაო რეჟიმი გაგრძელდება, იმიტომ, რომ ვფიქრობთ, სახალხო დამცველის ინსტიტუტი არ უნდა მოხდეს ისე, რომ ხელისუფლებამ შეძლოს თავისი კონტროლის ქვეშ მოაქციოს“, – აღნიშნა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ.

მმართველ პარტიას საკუთარი კანდიდატი არ ჰყავს წარდგენილი, „ქართული ოცნება“ ელოდება, ვის წარადგენს ოპოზიცია და გადაწყვეტილებას ამის შესაბამისად მიიღებს.

„ქართულმა ოცნებამ“, ვფიქრობ, შექმნა უპრეცედენტო მაღალი პოლიტიკური კლასი, როდესაც სახალხო დამცველის შერჩევასთან დაკავშირებით ჩამოაყალიბა საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, ობიექტური შერჩევის კრიტერიუმები და ჩვენ პირდაპირ განვაცხადეთ, რომ ჩვენ ჩვენს კანდიდატს არ დავასახელებთ და ამას მთლიანად დავუთმობთ საზოგადოებრივ, სხვა პოლიტიკურ თუ არასამთავრობო ორგანიზაციებს. ამიტომ, ამის შემდგომ სხვა ნებისმიერი განცხადება მხოლოდ მიზანმიმართულია, რომ აი, ამ შექმნილი ობიექტური კრიტერიუმები როგორმე დაზიანდეს. რაც შეეხება ნინო ლომჯარიას, ვისურვებდი, რომ ის მხოლოდ ერთი ნაწილის სახალხო დამცველი არ ყოფილიყო და ყოფილიყო ამ ქვეყანაში ყველა ორგანიზაციისა თუ მოქალაქის სახალხო დამცველი“, – აღნიშნა „ქართული ოცნების“ წევრმა, გიორგი ამილახვარმა.

მოქმედ სახალხო დამცველს უფლებამოსილების ვადა დეკემბერში ეწურება. ომბუდსმენის კანდიდატობის მსურველებს კი 29 სექტემბრამდე აქვთ განაცხადის წარდგენის ვადა. ნინო ლომჯარიას განცხადებით, მისი მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე, განიხილავს, რომ ომბუდსმენის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა წარადგინოს.

„ვერ გეტყვით, ალბათ, ეს მას უნდა ჰკითხოთ. მე ამაზე წინასწარ ვერ ვისაუბრებ. ვიცი, რომ განიხილავს, მაგრამ ეს არის პირადად მისი გადასაწყვეტი. ამ წუთის მდგომარეობით, ვფიქრობთ, რომ წესთან დაკავშირებით რაიმე განსაკუთრებული შენიშვნები არ გვაქვს, იმიტომ, რომ ის წუხილები, რაც ჩვენ განცხადებაში გვქონდა, შემდგომ იყო გათვალისწინებული და წესი შეიცვალა შესაბამისად“, – განაცხადა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ.

სახალხო დამცველის პოსტზე უპირატესობა უნდა მიენიჭოს დამოუკიდებელ პერსონას და მისი არჩევის პროცესი გამჭვირვალე უნდა იყოს – ეს ევროკომისიის ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაციაა. სწორედ ამ რეკომენდაციების შესრულების შემდეგ გადაწყვეტს ევროკავშირი, მიანიჭებს თუ არა საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს.

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend