მთავარიევროპარუსეთიმობილიზაცია და პროტესტი რუსეთში

მობილიზაცია და პროტესტი რუსეთში

რუსეთში სამხედრო მობილიზაცია გრძელდება. უკრაინაში ფრონტის ხაზზე საომრად იწვევენ მოქალაქეებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ვრცელდება ინფორმაცია, რომ გაწვევის ფურცელი მისდით უმცირესობების წარმომადგენლებსაც, რაც მათ პროტესტს იწვევს. მრავალკილომეტრიანი რიგებია რუსეთის საზღვრებთან – ყაზახეთთან, ფინეთთან და საქართველოსთან. ისინი, ვისაც უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლა არ სურს, ქვეყნის დატოვებას ცდილობენ. გრძელდება საპროტესტო აქციები სხვადასხვა რეგიონში, თუმცა კრემლი თავის გადაწყვეტილებას არ ცვლის. ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც, საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე უარის თქმა სამიდან 10-წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გასულ უქმეებზე გაავრცელა კადრები, თუ როგორ მიდიან რუსეთის მოქალაქეები და მოხალისეები კალინინგრადისა და ქვეყნის სხვადასხვა ქალაქის სამხედრო კომისარიატებში. სამინისტროს ინფორმაციით, კომისარიატებში გამოცხადდნენ სამხედრო გამოცდილების მქონე ოფიცრები და მოხალისეები. რეზერვისტების მობილიზაცია მიმდინარეობდა პრიმორსკის რეგიონის ქალაქ ვლადივოსტოკშიც. რეზერვისტები სამედიცინო შემოწმებას გაივლიან, სანამ მათ სამხედრო წვრთნებში ჩართავენ.

რეზერვის ერთ-ერთი ოფიცერი ალექსანდრ მამჩური ამბობს, რომ არ აპირებს ვინმეს ზურგს უკან დამალვას. როდესაც იგი გამოიძახეს, მაშინვე დაემორჩილა ბრძანებას.

ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში იარაღს ურიგებენ რეზერვისტებს კამჩატკის რეგიონშიც, სადაც გაწვეულები ასევე გაივლიან სამხედრო მომზადებას.

ამავდროულად, ქალაქ იაკუტსკის ცენტრალურ მოედანზე ასობით დემონსტრანტი გამოვიდა და გააპროტესტა ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილება ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ. მომიტინგეებმა პროტესტის ფარგლებში ტრადიციული ცეკვა შეასრულეს შეძახილებით -„არა გენოციდს!“ მედიაში გავრცელდა პოლიციის მიერ მომიტინგეთა დაკავების კადრებიც

მხოლოდ შაბათს რუსეთის ქალაქებში პოლიციამ 700-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავა. ნაწილობრივი მობილიზაციის მოწინააღმდეგეებს მთელი კვირის განმავლობაში აკავებდნენ.

გრძელი რიგია წარმოქმნილი რუსეთისა და საქართველოს საზღვარზე. გავრცელებული ინფორმაციით, რიგი 10 კილომეტრის სიგრძისაა.

ფინელი მოსაზღვრეებიც აცხადებენ, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 107 პროცენტით გაიზარდა საზღვრის გადაკვეთის მსურველთა რაოდენობა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend