გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ შექმნილი სპეციალისტთა კომისიის მიერ შემუშავებული დასკვნა ადასტურებს, რომ უკრაინაში ინტერვენციისას რუსმა ჯარისკაცებმა სამხედრო დანაშაული ჩაიდინეს. კომისია 2022 წლის მაისში მას შემდეგ შეიქმნა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსი სამხედროები უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობას მიზანმიმართულად ხოცავდნენ. კომისიის მიერ შედგენილი ანგარიში მოიცავს ინფორმაციას რუსული ჯარების მიერ სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვის, სამოქალაქო პირების დახოცვისა და წამების შესახებ, “კომისიის მიერ შეგროვებული ინფორმაციის საფუძველზე ჩვენ ვასკვნით, რომ უკრაინაში სამხედრო დანაშაული ჩაიდინეს.
იმ მიდამოებში, სადაც ჩვენ ვიმყოფებოდით, ვნახეთ ბევრი დახვრეტილი მშვიდობიანი მოქალაქე, კომისია ამ ეტაპზე 16 უკრაინულ დასახლებაში იძიებს შესაძლო სამხედრო დანაშაულს. ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია კიდევ უფრო მეტი ასეთი შემთხვევის შესახებ და ვაგრძელებთ გამოძიებას.“ – ერიკ მოზე, გაეროს კომისიის თავმჯდომარე უკრაინის საკითხებში.
სულ ახლახან დეოკუპირებული ქალაქის იზიუმის სიახლოვეს მასობრივი სამარხი აღმოაჩინეს. სამარხში ცხედრებს წამების კვალი აღენიშნებათ. იზიუმის სიახლოვეს ისეთივე მდგომარეობაა, როგორიც აპრილში დედაქალაქ კიევთან, ბუჩაში დატრიალებული ტრაგედიისას იყო.