იტალიაში მოდის ნამდვილი დღესასწაულია. მილანის მოდის კვირეულის პარალელურად, ცნობილმა ბრენდებმა საზოგადოებას 2023 წლის გაზაფხული-ზაფხულის ახალი კოლექციები წარუდგინეს.
ცნობილმა დიზაინერმა ჯორჯო არმანიმ ახალგაზრდული კოლექცია ახალი სამოსით გაამრავალფეროვნა. არმანისთვის იდეალური ქალი ელეგანტურად უნდა გამოიყურებოდეს. ამიტომ მათ 2023 წლის ზაფხულისთვის მარტივ, სადა და რაც შეიძლება ფერად სამოსს სთავაზობს. წარმატებული დიზაინერი ჯორჯო არმანი მომავალ წელს საქმიან ქალებსაც ურჩევს, დაივიწყონ მაღალქუსლიანები და ის კომფორტული ფეხსაცმლით ჩაანაცვლონ.
არმანის ნამუშევრების ჩვენებაზე თვალსაჩინო იყო იაპონური ელემენტებიც. ეს მხოლოდ მისი ახალი კოლექციის დამახასიათებელი ნიშანი არ ყოფილა. მან კოლექცია სწორედ იაპონური ტორიის კარიბჭის ჩრდილის ფონზე წარადგინა. ლეგენდის თანახმად, იაპონიაში ტორიის კარიბჭე წარმატებისა და აღმავლობის სიმბოლოა. ,,ამომავალი მზის ქვეყნის” ყველაზე იდუმალი სიმბოლო ჯორჯო არმანისთვის ახალი კოლექციის შთაგონების წყარო აღმოჩნდა.
მოდის სახლ ,,პრადას“ 2023 წლის გაზაფხული-ზაფხულის ახალ კოლექციაში დომინანტური ფერები ნაცრისფერი და სპილოსძვლისფერია. „პრადას“ სამოსში იგრძნობა სიმარტივე, არ არის ზედმეტად გადატვირთული. „რაც შეიძლება მსუბუქი“ – ასეთია პრადას ახალი კოლექციის მთავარი დევიზი. უხეში აბრეშუმის კაბები მაქმანებიანი დეტალებით არის გამდიდრებული, კოლექციაში წარმოდგენილია თხელი ქსოვილის შარვლები და სამკუთხედის ფორმის ჩანთები .
იტალიაში 26 სექტემბრამდე მოდის მოყვარულებს, მილანის მოდის კვირეულის ფარგლებშიც ექნებათ შესაძლებლობა, დააკვირდნენ 2023 წლის მოდის ახალ ტენდენციებს.