მილანი მზად არის, განაახლოს მოდის კვირეული, რომელიც გვპირდება, რომ აღორძინების სიმბოლო იქნება იტალიური მოდის ინდუსტრიაში. ევროპაში მოდა უბრუნდება იმ ნიშნულს, რომელზეც ჯერ კიდევ პანდემიის დაწყებამდე იყო. 68 ჩვენება, 104 პრეზენტაცია და 30 ღონისძიება მილანში უკვე ჩანიშნულია.
მილანში 5-დღიანი მოდის კვირეული იტალიური მოდის სახლმა „ფენდიმ“ გახსნა. 2023 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია კონსტრუქციის, ტექსტურისა და ფერთა მრავალფეროვანი პალიტრის ბალანსით იყო წარმოდგენილი. „ფენდის“ ახალ კოლექციაში აღმოაჩენთ ყველა ფერს, შავის გარდა. აქ ძირითადად ღია ფერები დომინირებს. მოდის სახლი 2023 წლის თბილ ამინდებში ქალებს მარტივ და ელეგანტურ სტილს ურჩევს. „ფენდისთვის“ იდეალური ქალის სიმბოლო ძლიერი ქალია დატვირთული გრაფიკით. მილანში მოდის კვირეულის პირველ დღეს ფერადი ფეხსაცმელი განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევდა. გამორჩეული ფერი კი მწვანეა.
მილანის მოდის კვირეულის მეორე დღეს უახლესი კოლექცია წარმოადგინა პოპულარულმა ბრენდმა N21 -მა. დიზაინერმა ალესანდრო დელ’აკვამ თავის ახალ კოლექციას ,,შეყვარებული“ უწოდა. მან ახალ კოლექციაში სცადა იმ ემოციების გადმოცემა, რომლებიც შესაძლოა შეყვარებულ ქალს ახლდეს თან. ტანსაცმლით გადმოცემული ემოციები კი საკმაოდ თამამი და მრავალფეროვანი აღმოჩნდა.
ამ კოლექციას “შეყვარებული” ჰქვია. ეს არის კოლექცია, რომელიც შეიქმნა სხვადასხვა ვითარებაში. ინსპირაციის წყარო ის ფილმებია, რომლებსაც ვიღებდი. შეყვარებულ ადამიანს სხვადასხვა ემოცია უჩნდება, ეს შეიძლება იყოს გაბრაზება, სიძულვილი, სიყვარული, სიხარული, ეროტიკული ლტოლვა. შევეცადე, რომ ეს ემოციები მოდაშიც გადმომეტანა“ – განაცხადა დიზაინერმა ალესანდრო დელ’აკვამ.
იტალიაში მილანის მოდის კვირეული 21 სექტემბერს დაიწყო. მოდის მოყვარულებს 5 დღის განმავლობაში შეეძლებათ, გაეცნონ იმ სიახლეებს, რომლებსაც იტალიელი დიზაინერები სთავაზობენ.