მთავარისაქართველოტელეკომპანია "მთავარი არხის" დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას, სასამართლო პროცესი 4 ოქტომბერს გაგრძელდება

ტელეკომპანია “მთავარი არხის” დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას, სასამართლო პროცესი 4 ოქტომბერს გაგრძელდება

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებლის,ნიკა გვარამიას, სასამართლო თბილისის სააპელაციო სასამართლოში 4 ოქტომბერს გაგრძელდება. ბრალდებისა და დაცვის მხარეები მომდევნო პროცესზე უკვე დასკვნითი სიტყვებით წარდგებიან. იმ შემთხვევაში თუ 4 ოქტომბერს მხარეებს დასკვნითი სიტყვისთვის დრო არ ეყოფათ და პროცესი ვერ დასრულდება, მოსამართლეთა კოლეგიამ კიდევ ერთი- მეოთხე სხდომა, 11 ოქტომბერს დანიშნა. ნიკა გვარამიას მოსამართლემ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 16 მაისს შეუფარდა. მას პროკურატურა ედავება ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დირექტორობის დროს კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობით გამოყენებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას, მეორე სასამართლო პროცესი გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე მხარეებმა შესავალი სიტყვები წაიკითხეს. ასევე დაიკითხა არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ წარმომადგენელი გვანცა წულუკიძე. მან უზენაესი სასამართლოდან გამოითხოვა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ბოლო 5 წლის განმავლობაში ნიკა გვარამია ერთადერთია, რომელსაც უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის პატიმრობა შეუფარდეს.

“ეს ნიშნავს ერთადერთ რამეს, რომ ხელისუფლება პოლიტიკური მოტივაციით დევნის ნიკა გვარამიას, რადგან სტატისტიკისგან განსხვავება სხვანაირად არ აიხსნება. თუ მხოლოდ ნიკა გვარამია აღმოჩნდა გამონაკლისი, ცხადია, რომ ეს მიუთითებს ამ განაჩენის უკან მდგარ მოტივებზე.”- აცხადებს ნიკა გვარამიას ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი.

“ჩვენ მივიჩნიეთ, რომ ხუთი წელი არის საკმარისი ვადა იმისათვის, რომ დავადგინოთ თუ როგორი პოლიტიკა აქვს, როგორც პროკურატურას, ისე სასამართლოებს სისხლის სამართლის კოდექსის ამ მუხლთან მიმართებაში. შესაბამისად ის მონაცემები, რომლებიც მივიღეთ ცხადყოფს, რომ ნიკა გვარამიას საქმეზე შეფარდებული სასჯელი არის ამოვარდნა იმ ზოგადი სტატისტიკიდან, რომელიც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ქვეყანაში არსებობდა.”- ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” წარმომადგენელი გვანცა წულუკიძე.

საქმის პროკურორი „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ მიერ გამოთხოვილ ინფორმაციას გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ეს მონაცემები არასრულია, რადგან 220-ე მუხლზე 2017 წლის შემდგომაც არაერთხელ გამოყენებულა სასჯელის სახით პატიმრობა.

სხდომის პარალელურად თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან შეკრებილები იყვნენ
პარტია „ნაციონალური მოძრაობის“, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენლები. ნიკა გვარამიას მომდევნო პროცესი 4 ოქტომბერს გაგრძელდება.

მარიამ ქუხილავა

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend