საარჩევნო კანონმდებლობის რადიკალურად შეცვლას „ქართული ოცნება“ ევროკავშირის 12 პუნქტიანი გეგმით გათვალისწინებული ვალდებულების ფარგლებში იწყებს. პარლამენტში შექმნილი საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა გივი მიქანაძემ, გამართულ ბრიფინგზე იმ საკითხებზე ისაუბრა, რაც მმართველმა პარტიამ კონსულტაციების შემდეგ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტში შეიტანა. თუმცა, გივი მიქანაძეს, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მსგავსად, არაფერი უთქვამს, როგორ შეძლებენ ხმის მიცემას ახალი სისტემით, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები.
„- 2024 წლიდან საქართველო გადავა ელექტრონულ საარჩევნო სისტემაზე. ეს თვისობრივად ახალი, უმაღლესი სტანდარტია, რაზეც პოლიტიკური გადაწყვეტილება ქართული ოცნების გუნდმა მიიღო. სულ მცირე, ამომრჩევლის 70%-ს ექნება შესაძლებლობა ელექტრონული აპარატურის გამოყენებით ხმა მისცეს მისთვის სასურველ პოლიტიკურ სუბიექტს. ელექტრონული საარჩევნო სისტემა გულისხმობს საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველთა რეგისტრაციასა და იდენტიფიცირებას, ხმის მიცემას, ხმების დათვლასა და შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის პროცედურებს, რაც ელექტრონული საშუალებებით განხორციელდება.
ადმინისტრაციული რესურსის უკანონო გამოყენებაზე არსებული 2000 ლარიანი ჯარიმა გაორმაგდება და გახდება 4000 ლარი.
ადმინისტრაციული რესურსის უკანონო გამოყენებაზე პირისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების ვადა გაიზრდება 2 თვიდან 3 წლამდე.
გაიზრდება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ქმედების საოლქო საარჩევნო კომისიაში გასაჩივრების ვადა და ნაცვლად 2 დღისა, განისაზღვრება 3 დღით.
დაწესდება საუბნო საარჩევნო კომისიის პროფესიული ნიშნით არჩეულ წევრთა სერტიფიცირება და შეიქმნება სერტიფიცირებულ კომისიის წევრთა ბაზა.
გაფართოვდება ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციათა მანდატი.
თითოეული პარტიისთვის არსებული წლის განმავლობაში ხარჯვითი 60 მილიონ ლარიანი ზედა ზღვარი მცირდება 30 მილიონიან ზედა ზღვრამდე“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
ემიგრანტების არჩევნებში მონაწილეობა და მათთვის გამჭვირვალე სისტემის შეთავაზება, პრიორიტეტია საპარლამენტო ოპოზიციისთვის. ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მიესალმება არჩევნების ელექტრონული წესით ჩატარებას. თუმცა, სანამ ამ ცვლილებას მხარს დაუჭერენ, პროცესისა და სტანდარტის გამჭვირვალობის ხარისხს დააკვირდებიან.
“ელექტრონული არჩევნები უნდა იყოს გამჭვირვალე პროცესი, რომელიც საშუალებას მისცემს ქვეყნის ფარგლებს გარეთ ემიგრანტებს, რომ დარეგისტრირდნენ და ხმა მისცენ ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე. ეს არ უნდა გადაიქცეს კიდევ ერთ მაშველ რგოლად “ქართული ოცნების” ხელისუფლებისთვის. ეს უნდა იყოს კარგად გაწერილი ალგორითმი, რომელიც იქნება უმნიშვნელოვანესი იარაღი, მათ შორის ემიგრანტებისთვის, რომ მათი ხმა ისმოდეს საქართველოს ფარგლებს გარეთ, არჩევნების პირობებში. ჩვენ გვაქვს მათ შორის, ჩვენი ინიციატივები საარჩევნო კოდექსში, შესაბამისად, მნიშვნელოვანი იქნებოდა პოლიტიკური ნების გამომჟღავნება, რომ 12 რეკომენდაცია შესრულდეს. ეს პოლიტიკური ნება აქამდე არ ყოფილა, მეტიც ISFED-ი, რომელსაც ჰქონდა მსგავსი ინიციატივები, გამოაძევეს ჯგუფიდან, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს,” – განაცხადა “ენმ“-ის ფრაქციის თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძემ.
პარლამენტში შექმნილი სამუშაო ჯგუფების სხდომებს, სადაც „ქართული ოცნება“ დაინტერესებული პოლიტიკური ჯგუფებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანლებისგან რეკომენდაციებს ისმენდა, მმართველი პარტიის გადაწყვეტილებით არ მონაწილეობდა საარჩევნო საკითხებზე ოფიციალურად მომუშავე ერთადერთი მსხვილი არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“. ISFED-ის დირექტორი ნინო დოლიძე ცვლილებებს მიესალმება, თუმცა პროცესის გამჭვირვალობას ეჭვქვეშ აყენებს.
„სამუშაო პროცესთან დაკავშირებით, უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნამდვილად არ იყო არც ინკლუზიური და არც გამჭვირვალე. ცალსახად მოხდა სამოქალაქო ორგანიზაციების გათიშვა ამ პროცესიდან. მათ შორის ჩვენი ორგანიზაციის. ეს რა თქმა უნდა უკვე აზიანებს ამ პროცესს. რაც შეეხება შინაარსობრივ მხარეს. ჯერ კანონპროექტი არ გამოქვეყნებულა და სანამ სრულად არ გავეცნობით, ძნელია მისი შეფასება. თუმცა, ჩვენი ორგანიზაცია – „სამართლიანი არჩევნები“ მივიჩნევთ, რომ მხოლოდ ელექტრონულ სისტემაზე გადასვლით საარჩევნო რეფორმა ვერ ჩაითვლება შესრულებულად. ერთ-ერთი ჩვენი მთავარი რეკომენდაცია, რომელსაც კანონპროექტის საკომიტეტო მოსმენებზე განხილვისას აუცილებლად წამოვწევთ, არის საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი. სანამ ესეც არ შეიცვლება, არ დააკმაყოფილებს მათ შორის შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მანამ ვერ ჩავთვლით დასრულებულად ამ რეფორმას და შესაბამისად მუდამ იქნება კითხვებიც“, – აცხადებს ნინო დოლიძე.
მმართველი გუნდის ინფორმაციით, მას შემდეგ რაც წარმოდგენილ ცვლილებათა პაკეტს პარლამენტი პირველი მოსმენით მიიღებს, იგი დამატებითი საექსპერტო დასკვნისთვის ეუთო/ოდირსა და ვენეციის კომისიას გაეგზავნება. მათგან მიღებული რეკომენდაციების გათვალისწინებით, კი პროცესი გაგრძელდება. მეორე და მესამე მოსმენის შემდეგ, საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების მიღება წლის ბოლომდე განხორციელდება.
ალეკო გვეტაძე