უკრაინაში რუსული ინტერვენციის ფონზე რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს ლიეტუვაში შესვლა აეკრძალათ. იგივე გადაწყვეტილება მიიღეს პოლონეთმა, ლატვიამ და ესტონეთმა.
ლიეტუვის სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელთა ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის 11 მოქალაქეს უკვე უთხრეს უარი საზღვრის გადაკვეთაზე,“რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკა აგრესიული და სპონტანურია. ვიცით, რომ კრემლის პოლიტიკას მოსახლეობის დიდი ნაწილი უჭერს მხარს. მიუღებელია, რომ ადამიანებს, რომლებიც აგრესიული ომის მომხრენი არიან, თავისუფლად შეეძლოთ ჩვენს ქვეყნებში მოგზაურობა. ეს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხია, ომის მხარდამჭერი ადამიანების ჩვენს ტერიტორიებზე ყოფნა ჩვენი უსაფრთხოებისთვის გამოწვევაა.“ – აგნე ბილოტაიტე, ლიეტუვის შინაგან საქმეთა მინისტრი.
ახალი კრიტერიუმების თანახმად, ლიეტუვის სასაზღვრო სამსახური ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლის უფლებას მისცემს რუს დიპლომატებს, სატვირთო მანქანის მძღოლებს, დისიდენტებსა და ევროკავშირის მოქალაქეთა ნათესავებს. ახალი რეგულაციები არ შეეხება კალინინგრადის მკვიდრებსაც, მათ მატარებლით ექნებათ საზღვრის გადაკვეთის უფლება.
ევროკავშირის წევრი 4 აღმოსავლეთევროპული სახელმწიფოს ახალი სავიზო პოლიტიკა 16 დეკემბრამდე გაგრძელდება. ევროკავშირის წევრი და რუსეთის ფედერაციის მოსაზღვრე ერთადერთი სახელმწიფო, რომელიც ახალ სავიზო რეჟიმს არ შეუერთდა, ფინეთია. ჰელსინკიში აცხადებენ, რომ ეს პოლიტიკა ევროკავშირის დებულებებს ეწინააღმდეგება.