მთავარიაზიაუზბეკეთისამარყანდში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტი გრძელდება

სამარყანდში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტი გრძელდება

უზბეკეთის სიდიდით მეორე ქალაქ სამარყანდში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტი გრძელდება. ორგანიზაცია, რომელიც 2001 წელს შეიქმნა, პეკინსა და მოსკოვში ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის საპირწონედ მიაჩნიათ.

უკრაინაში, მთიან ყარაბაღში, ყირგიზეთსა და ტაჯიკეთს შორის მიმდინარე კონფლიქტების ფონზე შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებს მძიმე გეოპოლიტიკურ ფონზე უწევთ შეხვედრა.

სამიტის ფარგლებში ჩინური მხარის მიერ გავრცელებული ოფიციალური განცხადება ადასტურებს პეკინის მხარდაჭერას მოსკოვისადმი, მაგრამ განცხადების ტექსტში უკრაინა ნახსენები არ არის, ვლადიმერ პუტინმა ჩინელ კოლეგას მადლობა გადაუხადა უკრაინის კონფლიქტის პირობებში დაბალანსებული პოზიციისთვის. ვლადიმერ პუტინმა გამოთქვა მზადყოფნა, რომ ორგანიზაციაში ირანის ისლამური რესპუბლიკის გაერთიანებას დაუჭიროს მხარი, “ ჩვენ მხარს ვუჭერთ ორგანიზაციაში ირანის ისლამური რესპუბლიკის სწრაფ გაწევრებას. ჩვენ მიერ დღეს ხელმოწერილი დოკუმენტები სწორედ ამ პროცესის ნაწილია, დარწმუნებული ვართ, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის გაწევრება ორგანიზაციის საქმიანობას წაადგება, ვინაიდან ეს სახელმწიფო მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც რეგიონში, ასევე გლობალური მასშტაბით. მხარს ვუჭერთ ორგანიზაციაში ბელარუსის გაწევრებასაც.“ – ვლადიმერ პუტინი, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა კი ცენტრალურ აზიაში სტაბილურობის შენარჩუნების აუცილებლობას გაუსვა ხაზი,“ჩვენ მოწმენი ვართ საუკუნის განმავლობაში არნახული საერთაშორისო ცვლილებებისა და ეს პროცესი სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. ჩვენ ცვლილებების ახალ ფაზაში შევდივართ, საჭიროა, რომ ამ მოვლენებს ალღო ავუღოთ, გავაძლიეროთ თანამშრომლობა და ერთად შევქმნათ ჩვენი ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების საერთო მომავალი.“ – სი ძინპინი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი.

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი კი სამხედრო კონფლიქტის განახლებას, რომელსაც ორივე მხრიდან 200-მდე სამხედროს სიცოცხლე შეეწირა, სომხეთს აბრალებს,“სამწუხაროდ, 13 სექტემბერს სომხეთმა აზერბაიჯანის მოსაზღვრე რეგიონში ფართომასშტაბიანი სამხედრო პროვოკაცია წამოიწყო. ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა პროვოკაციას შესაბამისი პასუხი გასცეს. ეს პროვოკაცია სამშვიდობო პროცესისათვის დიდი ზიანის მომტანია და პასუხისმგებლობა სომხურ მხარეს ეკისრება.“ – ილჰამ ალიევი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი.

შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წლევანდელ სამიტზე მონაწილე და წევრ სახელმწიფოს შორის 30-მდე ხელშეკრულების ხელმოწერა იგეგმება.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend