მთავარიმსოფლიოყარაბაღის განახლებული კონფლიქტი და პოლიტიკური არეულობა სომხეთში

ყარაბაღის განახლებული კონფლიქტი და პოლიტიკური არეულობა სომხეთში

სომხეთისა და აზერბაიჯანის დაზავებიდან ორი წლის შემდეგ მოუშუშებელი კონფლიქტი კვლავ განახლდა.  ისევ გაისროლეს საზღვარზე… თუმცა,  ამ ამბავში ყველაზე მოულოდნელი მსხვერპლის მასშტაბებია.  და კიდევ ის, რომ  ამჯერად აზერბაიჯანი არ მოერიდა, პირდაპირ მიეტანა იერიში იმ ქალაქებსა და სოფლებზე, რომლებიც საერთაშორისო სამართლით სომხეთის ტერიტორიადაა  აღიარებული.

ბაქოს ბოლო ცნობით,  კონფლიქტის განახლებას  შეეწირა 71 აზერბაიჯანელი ჯარისკაცი. ისინი უკვე დაკრძალეს.  ბაქოში ასევე ამბობენ, რომ მზად არიან სომხეთს ცალმხრივად გადასცენ 100 სომეხი ჯარისკაცის ცხედარი. სომხური წყაროების მიერ გავრცელებული ბოლო ინფორმაციით კი, კონფლიქტის განახლებას 105 სომეხი სამხედრო ემსხვერპლა.

სომხეთში 14 სექტემბრის ღამით თქვეს, რომ მიაღწიეს შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.  დეტალებზე არ უსაუბრიათ, მაგრამ ისიც განაცხადეს, რომ ეს საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობით მოხდა. ამ ამბავმა  კიდევ ერთხელ გამოაჩინა, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია, რომლის  წევრიც სომხეთია, რეალურად არ მუშაობს. ნიკოლ ფაშინიანმა „ოდეკაბეს“ უკვე მიმართა დახმარების თხოვნით,  მაგრამ ამას რეაგირება არ მოჰყოლია. ერევანი ისევ მარტოა აზერბაიჯანის პირისპირ, მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო ალიანსის წევრია.

„სომხეთმა მიმართა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას მეოთხე მუხლის მიხედვით. ეს მუხლი ადგენს, რომ თუ ორგანიზაციის წევრი ქვეყნის წინააღმდეგ წარმოებს აგრესია – ეს აგრესია ეხება ორგანიზაციის დანარჩენ ქვეყნებსაც.  ასევე, სომხეთმა სთხოვა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას დახმარება სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაშიც და აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სომხეთის ტერიტორიიდან გაყვანის უზრუნველყოფაშიც.“ – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა.

ჯერ კიდევ გუშინ, 14 სექტემბერს,   სოციალურ ქსელებსა და ზოგიერთ მედიაგამოცემაში გავრცელდა ცნობა, თითქოს ფაშინიანმა სურვილი გამოთქვა, მშვიდობის სანაცვლოდ ხელი მოაწეროს დოკუმენტს, რომლის თანახმად სომხეთი ყარაბაღზე უარს იტყვის. ამას სომხეთის მთავრობა უარყოფს, თუმცა ეს გახდა ერევანში კიდევ ერთი პოლიტიკური არეულობის საფუძველი. ღამით მთავრობის სახლთან ათასობით დემონსტრანტი მივიდა. ისინი პრემიერმინისტრის გადადგომას ითხოვდნენ. ნიკოლ ფაშინიანი უკვე მეორედ დგება იმპიჩმენტის საფრთხეს წინაშე მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გამო. წინა ჯერზე ის თავად გადადგა, თუმცა ცოტა ხანში  ქვეყნის მმართველად სომხეთმა ისევ ნიკოლ ფაშინიანი აირჩია.

12 სექტემბერს ერევანმა გაავრცელა ცნობა, რომ ბაქომ საკურორტო ქალაქ ჯერმუკის მიმართულებით საბრძოლო უპილოტო საფრენები გაუშვა, დილით კი არტილერიითა და ნაღმმტყორცნებით განაახლა  ჯერმუკისა და სოფელ ვერინ შორჟაზე შეტევა. აზერბაიჯანში  კი აცხადებდნენ, რომ მათ სომხეთის პროვოკაციებს უპასუხეს.

ბაქოში არ მალავენ, რომ 2020 წლის ზავის შემდეგ მათი გეგმები და მიზნები არ შეცვლილა. ეს არის აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიის სრული დეოკუპაცია და სეპარატიზმის აღმოფხვრა ყარაბაღში.  აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურმა დღეს განაცხადა, რომ სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკან დაიხიეს „პირადი შემადგენლობის და სამხედრო ტექნიკის მრავალრიცხოვანი დანაკარგით“. სომხეთის საზოგადოება კი დღემდე არ აღიარებს 2020 წლის ომის შედეგებს… ისევ ისვრიან, ისევ იღუპებიან ადამიანები. ეს კი ნიშნავს, რომ ყარაბაღში ომი ჯერ არ  დასრულებულა…

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend