მთავარისაქართველოოლაფ შოლცის განცხადება

ოლაფ შოლცის განცხადება

გერმანია საქართველოს ჰპირდება, რომ დაეხმარება 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებაში – ეს ის რეკომენდაციებია, რომლის შესრულების შემთხვევაშიც საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსს მიიღებს. სწორედ ეს იყო ბერლინში განხილვის მთავარი თემა გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს შორის. ოლაფ შოლცის განცხადებით, ევროკომისიის რეკომენდაციებს ყველა პოლიტიკური ძალისგან ერთობლივი ძალისხმევა სჭირდება.

ოპოზიციაში არ სჯერათ, რომ „ქართული ოცნება“ მზადაა რეკომენდაციები გაითვალისწინოს და მიაჩნიათ, რომ ამ პროცესში მთავარი პასუხისმგებლობა, ხელისუფლებას ეკისრება.

„სწორედ კომიტეტზე ვმუშაობ მე იმ 12 რეკომენდაციის შესრულების ხელშესაწყობად, რომელიც ევროკავშირისგან საქართველომ მიიღო. რაც შეეხება ხელისუფლებას, მას ცხადია, ოპოზიციაზე გაცილებით მაღალი პასუხისმგებლობა აქვს ამ პროცესში იმიტომ, რომ მეტი ბერკეტი აქვს ზემოქმედების და ვისურვებდი, რომ ის იყოს პროცესში ღია ოპოზიციის მხრიდან გამოთქმული მოსაზრებების“, – აღნიშნა „ლელოს“ წარმომადგენელმა, ანა ნაცვლიშვილმა.

„ბატონი შოლცის განცხადებამდე ჩვენ მსგავსი მოწოდებები ჩვენ ევროკავშირის ლიდერების მხრიდან არაერთხელ მოვისმინეთ. მნიშვნელოვანია პროცესში მონაწილეობის მიღება, იმიტომ, რომ მოგვწონს ჩვენ თუ არ მოგვწონს, გადაწყვეტილების მიღების ბერკეტები აქვს „ქართულ ოცნებას“, შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღების პროცესში უნდა მიიღო მონაწილეობა. გასაგებია, რომ საბოლოოდ გადაწყვეტილებას უმრავლესობა იღებს, მაგრამ არ შეიძლება, ოპოზიციური სპექტრი მოიქცეს იმგვარად, რომ „ქართულ ოცნებას“ მიეცეს საბაბი, რომ ის, რაც რეალურად მისი პასუხისმგებლობაა, გადააბრალოს ვინმეს“, – თქვა „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა.

მმართველ პარტიაში კი კვლავ დეპოლარიზაციის აუცილებლობაზე საუბრობენ, თუმცა ამბობენ, რომ გარკვეული პოლიტიკური პარტიები ცდილობენ, ხელი შეუშალონ ქვეყანას ევროპულ გზაზე.

„გერმანიის კანცლერი ყველა პოლიტიკურ პარტიას მოუწოდებს ჩაერთონ იმ პროცესში, რომელიც კანდიდატის სტატუსის მიღებას უკავშირდება. გერმანელებმა ძალიან კარგად იციან პოლიტიკური სისტემის სტაბილურობის ფასი და აქედან გამომდინარე, მათთვის ბუნებრივია, განსაკუთრებული ინტერესის საგანია საქართველოში განხორციელდეს დეპოლარიზაცია. აქედან გამომდინარე, შოლცის ეს განცხადება უნდა აღვიქვათ, როგორც მორიგი მხარდამჭერი განცხადება ქართული სახელმწიფოს მიმართ“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, ევროკავშირის საბჭოში შეთანხმდნენ, რომ საქართველოს ევროკავშირის პერსპექტივა მისცენ, ევროკომისიის რეკომენდაციები კი ამ გზაზე მნიშვნელოვანია

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend