მთავარიგადაცემებიAlgeria Tomorrowალჟირის დამწყები ბიზნესი ეკონომიკის განვითარებას უწყობს ხელს

ალჟირის დამწყები ბიზნესი ეკონომიკის განვითარებას უწყობს ხელს

ალჟირის ხელისუფლება  დამწყებ ბიზნესებს უწყობს ხელს, რათა ეკონომიკა წაახალისოს. სულ უფრო მეტი მეწარმე იწყებს ახალ ბიზნესს და ზოგს საკმაოდ დიდი ამბიციაც აქვს. სწორედ ასეთია სატრანსპორტო კომპანია Yassir-ი, რომელიც ქვეყნის რამდენიმე რეგიონშია უკვე წარმოდგენილი.

კომპანია Yassir-ი  ალჟირში ავტოგაქირავების სექტორში მოწინავეა. ეს კომპანია 2017 წელს ბავშვობის ორმა  მეგობარმა დააარსა. დღეისათვის  კომპანიას 6 მილიონი მომხმარებელი ჰყავს მთელი ქვეყნის მასშტაბით და 40 ათასზე მეტ მძღოლთან თანამშრომლობს.

ამ გუნდმა გასულ წელს 30 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო და საკუთარ მომსახურებას სთავაზობს მთელ ახლო აღმოსავლეთს, დასავლეთ აფრიკას, ევროპასა და კანადას. ამ კომპანიას მთელ მსოფლიოში 650 ადამიანი ჰყავს დასაქმებული, მათი უმეტესობა ალჟირელია.

კომპანია  Yassir-ის  უკან უამრავი  ახალგაზრდა ალჟირული ტექნოლოგიური კომპანია დგას, რომლებიც თანდათან გათავისუფლდნენ ბიუროკრატიული მარწუხებისგან და გაბედეს, გაერისკათ. სტარტაპების რაოდენობა წელს გაორმაგდა. და თითოეულმა მათგანმა კარგად იცის რას წარმოადგენს  სააგენტო ALGERIA VENTURE  – იგივე ალჟირის საჯარო აქსელერატორი, რომელიც პროექტის მონაწილე ბიზნესებს ეხმარება, გაიზარდონ, ფინანსები მიიზიდონ და საკუთარი პროდუქცია ექსპორტზე გაიტანონ.

ალი ზერუკი ALGERIA VENTURE-ის გენერალური მენეჯერია.

„ჩვენ ინოვაციებს ვუწყობთ ხელს. მაინც რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ ჩვენ  კომპანიებს ვეხმარებით ბაზარზე ისეთ კლიენტ კომპანიებზე გავიდნენ, რომლებთან დაკავშირების იმედიც არ ჰქონდათ. ჩვენ ახლა ისეთ საშუალებებს ვაძლევთ ჩვენს ბენეფიციარებს, რომ შეძლონ იმ პოტენციური კლიენტების კარზე დააკაკუნონ და თავიანთი პროდუქტი მიაწვდინონ, მიიღონ ახალი შეკვეთები და ახალ ბაზრებზე გავიდნენ,“ – განმარტავს იგი.

ალჟირის ბიზნესინკუბატორი ის ადგილია, სადაც დამწყებ ბიზნესებს სტარტაპის სტატუსს ანიჭებენ და სადაც ტექნოლოგიური კომპანიები ერთმანეთს ხვდებიან და თანამშრომლობენ.

კომპანია   Beyn-ი ფეხდაფეხ მიჰყვება ალჟირის ფინანსური ტექნოლოგიების სექტორის განვითარებას. ეს კომპანია ძირითადად წამყვან ეროვნულ და საერთაშორისო საბანკო ჯგუფებს სთავაზობს მომსახურებას. ასევე წამოიწყო მომსახურება ფიზიკურ პირებს შორის ფულადი გადარიცხვების მიმართულებით.

რედა ბენბუზიდი, კომპანია BEYN ALGÉRIE -ის ხელმძღვანელი:

„ბეინი“ არის კომპანია, რომელსაც სტარტაპის დახმარება სჭირდება. აქამდე მე ვერ ვუკავშირდებოდი ამ ხალხს. არც კი ვიცოდი, რომ არსებობდნენ. შეიძლება იყვნენ ბაზარზე, მაგრამ ფარულად. ახლა გამოჩნდნენ, მათი ეკოსისტემა სახეზეა და მათი საკომუნიკაციო არხები სულ უფრო უმჯობესდება“.

ალჟირის ნახშირწყალბადებზე დამოკიდებული ეკონომიკის დივერსიფიკაციის მიზნით, ალჟირში შეიქმნა სტარტაპების სამინისტრო, რომელიც პირველი ასეთი ინსტიტუტია რეგიონში.

სამინისტროს ხელმძღვანელობს  29 წლის იასინ ელ-მაჰდი უალიდი, რომელსაც ადრე სტარტაპი ჰქონდა და მეწარმე იყო. ჟურნალმა „ფორბსმა“ იგი წლის ყველაზე გავლენიან ახალგაზრდა აფრიკელად დაასახელა.

„აფრიკის ბაზარი, როგორც იცით, ძალიან დიდია და სწრაფად იზრდება“, – ამბობს იგი. „მრავალი სექტორისთვის, მათ შორის ფინანსური ტექნოლოგიებისთვის, ის მსოფლიოში ყველაზე სწრაფად განვითარებადი ბაზარია და ალჟირისთვის ეს ბუნებრივი ბაზარია. იმედი გვაქვს, რომ დღევანდელი დამწყები ბიზნესები ხვალინდელი ეკონომიკის ჩემპიონები იქნებიან და მათი წყალობით ალჟირი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს აფრიკაში ახალი ტექნოლოგიების თვალსაზრისით. ჩვენი სურვილია, რომ ალჟირი, რომელიც წარსულში რევოლუციონერების მექა იყო, ახალი ტექნოლოგიების მექად გადაიქცეს და სტარტაპებს აფრიკაში განვითარების საშუალება მისცეს.“

სწორედ ალჟირში ჩატარდება წლის ბოლოს აფრიკის პირველი სავაჭრო ბაზრობა, რომლის ფარგლებშიც აფრიკის კონტინენტის ინოვაციების სექტორის  წამყვანი მოთამაშეები შეიკრიბებიან.

ავტორი: სირილ ფურნერისი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend