მთავარი ევროპა პორტუგალია ენერგოკრიზისი პორტუგალიაში

ენერგოკრიზისი პორტუგალიაში

პორტუგალიაში, როგორც ევროპის სხვა ქვეყნებში, უკვე საგრძნობია რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრით გამოწვეული შედეგები. ენერგორესურსებზე მზარდი ფასების გამო უამრავი კომპანია რთული გამოწვევებისა და პრობლემების წინაშე აღმოჩნდა. კომპანიები ახლა  პორტუგალიის მთავრობის მიერ შეთავაზებულ დახმარებას ელოდებიან, თუმცა ეს ლოდინი ბევრს უკვე ძალიან ძვირი უჯდება.

ენერგორესურსებზე მზარდი ფასები გამო, სხვა სექტორებთან ერთად,  კერამიკის სექტორიც ძლიერ დაზარალდა. ერთ-ერთ კომპანიას, რომელიც პორტუგალიაში ოპერირებს, გაზის გადასახადი თითქმის 5 ჯერ, 300 ათასიდან მილიონ-ნახევარ ევრომდე გაეზარდა.

როგორც კერამიკის მწარმოებელი ერთ-ერთი კომპანიის დირექტორი ჟუან ლიმა ამბობს, ელექტროენერგიისა და გაზის გადასახადი მათი საწარმოო ხარჯების 30 პროცენტს შეადგენდა, ახლა კი 55 პროცენტია. ეს კი, მისი თქმით, გავლენას ახდენს მათ წარმოებაზე, ფასსა და მოგებაზე.

წლის დასაწყისში კომპანია იძულებული გახდა,  თვე-ნახევრით შეეჩერებინა მუშაობა და ეს შესაძლოა უკანასკნელი შემთხვევა არ იყოს. მსგავსი პრობლემის თავიდან ასაცილებლად ისინი ცდილობენ, შეამცირონ ენერგორესურსების მოხმარება. კომპანიები ასევე ახალი ინვესტიციების მოზიდვაზეც ფიქრობენ.

ჟუან ლიმას კომპანიაში განიხილავენ სხვადასხვა ინვესტიციას. მაგალითად, ფიქრობენ, როგორ გამოიყენონ ღუმელში წარმოქმნილი სითბოს ენერგია.  თუმცა ასეთი ინვესტიციების გაკეთება რთულია, განსაკუთრებით ამ დროს, როდესაც ყველაფერი არეულია, ინფლაცია მაღალ ნიშნულზეა ხოლო საპროცენტო განაკვეთი კი განაგრძობს ზრდას.

კომპანიის დირექტორი ევროკავშირისა და პორტუგალიის მთავრობის მიერ შეთავაზებულ დახმარებას ელოდება.

ჟუან ლიმა აღნიშნავს, რომ კომპანიისთვის ასეთი შეფერხება უკიდურესად საზიანოა. ისინი უკვე რამდენიმე თვეა, ცდილობენ კომპანიის მუშაობის დაბალანსებას. თუმცა ეს ადვილი არ არის პოლიტიკური და ეკონომიკური მხარდაჭერის გარეშე.

„ევრონიუსი“ რამდენიმე მსგავს კომპანიას დაუკავშირდა, თუმცა მათ არ ისურვეს ამ საკითხზე საუბარი. მათ პორტუგალიის მთავრობა დაჰპირდა,  რომ კომპანიების მხარდაჭერას ბრიუსელში გამართული ენერგეტიკის საბჭოს შემდეგ გამოაცხადებდა. კომპანიების წარმომადგენლებს იმედი აქვთ, რომ მთავრობა დანაპირებს შეასრულებს.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend