სომხეთი აზერბაიჯანს სასაზღვრო ქალაქების მიმართულებით ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს, ხოლო ბაქოში ერევნის მხრიდან მასშტაბურ დივერსიაზე საუბრობენ.
სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სომხეთმა 13 სექტემბერს, ღამით 00:05 საათზე, არტილერიის გამოყენებით სასაზღვრო ქალაქებს მიმართულებით ინტენსიური ცეცხლი გახსნა.
თავის მხრივ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალების ნაწილმა მანამდე განახორციელა მასშტაბური დივერსია აზერბაიჯან-სომხეთის სასაზღვრო ქალაქებში.
ბაქოში აცხადებენ, რომ სომხურმა დივერსიულმა ჯგუფებმა დანაღმეს აზერბაიჯანის არმიის მომარაგების მიმართულებისთვის გათვალისწინებული მარშრუტები, რის შემდეგაც მიიღეს „გადაუდებელი ზომები“.
დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს როგორც სომხური, ასევე აზერბაიჯანული მხარე. არიან თუ არა მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეები უცნობია.
ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები განსაკუთრებით დაიძაბა 2020 წელს. მთიანი ყარაბაღისა და მის გარშემო ტერიტორიების გამო 44 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა საბრძოლო შეტაკებები, რაც 2020 წლის 10 ნოემბერს შეთანხმების დადებით დასრულდა რუსეთის შუამდგომლობით.
შეთანხმების მიხედვით, სომხეთმა აზერბაიჯანს დაუბრუნა მთიანი ყარაბაღის თითქმის ნახევარი, მათ შორის ყარაბაღის ისტორიული დედაქალაქი შუშა. ყარაბაღში რუსი სამხედროები განლაგდნენ.