13 სექტემბრის ღამეს, სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის არმიამ არტილერიის და მსხვილკალიბრიანი იარაღის გამოყენებით, ინტენსიური სროლა დაიწყო დასახლებული პუნქტების, გორისის, სოტქისა და ჯერმუკის მიმართულებით და სომხეთის შეიარაღებული ძალების პოზიციები დაცხრილა, რასაც მათივე ცნობით, მოჰყვა მათი თანაზომიერი რეაქცია. დღეს, უკვე სომხეთის პრემიერ-მინისტრი საუბრობს ამ თემაზე საპარლამენტო ტრიბუნიდან და ამბობს, რომ ბოლო ცნობები მსხვერპლის შესახებ სამწუხაროდ არ არის საბოლოო.
„სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ბოლო ცნობებით, აზერბაიჯანის ბოლო ქმედებების ს შედეგად დაღუპულია 49 ადამიანი. სამწუხაროდ, ეს საბოლოო შედეგი არაა“, – აცხადებს ნიკოლ ფაშინიანი.
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანი, არამ ტოროსიანი კი აცხადებს, რომ აზერბაიჯანული მხარე არ ჩერდება და კვლავ ესხმის თავს სომხეთის ტერიტორიებს.
„სამწუხაროდ მოწინააღმდეგე განაგრძობს არტილერიის, ნაღმმტყორცნების, უპილოტო საფრენების და მსხვილკალიბრიანი იარაღის გამოყენებას ვარდენისის, სოთკის, არტანიშის, იშხანასარის, გორისისა და კაპანის მიმართულებით. ისინი თავს ესხმიან სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. ასევე, გრძელდება პოზიციური ბრძოლები საზღვრის ზოგიერთ მონაკვეთზე, მტერი არ ჩერდება“ – აცხადებს ტორისიანი.
ისევე, როგორც 2020 წლის სამხედრო მოქმედებების დროს, დღესაც ბაქოსა და ერევანში ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები კეთდება.
აზერბაიჯანული მხარე, ბაქოს მიერ გუშინდელი თავდასხმის მიზეზად ასახელებს ორგანიზებულ პროვოკაციებს, რომელსაც მათი თქმით ადგილი ჰქონდა სომხური მხრიდან. ბაქოში სომხური დივერსიული ჯგუფების გააქტიურებაზე საუბრობენ.
ანარ აივაზოვი, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის უფროსის მოადგილე აცხადებს: „12 სექტემბრის ღამეს, სომხეთის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა აზერბაიჯან-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის: დაშკასანის, კალბაჯარისა და ლაჩინის მიმართულებებზე ფართომასშტაბიანი პროვოკაციები აწარმოვეს. სომხური დივერსიული ჯგუფები მთიანი ყარაბაღის ტერიტორიების გავლით აღმოჩნდნენ აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფების პოზიციებს შორის და დანაღმეს ტერიტორიები, რომელიც ქვედანაყოფებს ერთმანეთთან აკავშირებს. ასევე, სომხეთის შეიარაღებული ძალები, რომლებიც დისლოცირებულნი არიან ბასარკეჩარის, გარაკილისა და გორუსის დასახლებების მიმართულებით სხვადასხვა კალიბრის იარაღისა და ნაღმმტყორცნების გამოყენებით ინტენსიურად უხსნიდნენ ცეცხლს აზერბაიჯანის არმიის ზოგიერთ პოზიციას“.
სომხეთში ღიად აცხადებენ, რომ აპირებენ მიმართონ დახმარებისთვის რუსეთს, რომელსაც მათთან მეგობრობის ხელშეკრულება აქვს გაფორმებული და ასევე არის კოლექტიური ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი, რომელსაც ერთგვარად ნატოს მეხუთე მუხლის პრინციპი აქვს და წესით, ყველა წევრი ქვეყანა უნდა იცავდეს პარტნიორს, რომლის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობასაც საფრთხე ემუქრება. ეს ხდება იმ ფონზე, როცა რუსეთი უკრაინული კონტრშეტევის პირობებში მარცხს განიცდის. კრემლში არ ჩქარობენ სომხეთისთვის სწრაფი დახმარების აღმოჩენას – კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ქვეყნების პოზიციაც ჯერ გაუგებარია.
დმიტრი პესკოვი, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი ამბობს: „ღამით იყო სატელეფონო ზარი სომხეთის მინისტრ ფაშინიანთან. განიხილეს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებული ვითარება და იქ მომხდარი ესკალაცია. ექსპერტების დონეზე განხილვის შემდეგ უკვე ინტენსიური სამუშაოები დაიწყო. მეტის თქმა არ შემიძლია“.
ვლადიმერ პუტინის გარდა, ღამით ნიკოლ ფაშინიანი ესაუბრა ასევე ემანუელ მაკრონს, შარლ მიშელსა და ირანის პრეზიდენტს, იბრაჰიმ რაისის. სახელმწიფო კანცელარიის ცნობით, ასევე საუბარი შედგა ნიკოლ ფაშინიანსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს შორისაც. მორიგი სამშვიდობო შეთანხმება აზერბაიჯანსა და სომხეთში შორის 2020-წელს გაფორმდა, მას შემდეგ რაც ექვსკვირიანი ომის შედეგად აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის დიდი ნაწილი დაიბრუნა. შეთანხმების მიხედვით რეგიონში რუსი სამხედროები სამშვიდობოების სტატუსით განლაგდნენ, თუმცა მას შემდეგ მუდმივად ღვივდება კონფლიქტი, რუსი ე.წ. სამშვიდობოების განთავსებას კი მშვიდობის დამყარების მხრივ ჯერ კონკრეტული შედეგი არ მოუტანია.
სოფო მაქაცარია