მთავარიევროპაიტალიაევროკავშირისგან პანდემიის შემდეგ მიღებული თანხის 40% სამხრეთ იტალიას მოხმარდება

ევროკავშირისგან პანდემიის შემდეგ მიღებული თანხის 40% სამხრეთ იტალიას მოხმარდება

კოვიდის შემდეგ იტალიამ ევროკავშირისგან ეკონომიკის აღსადგენად ყველაზე დიდი დახმარება მიიღო, რომლის დიდი ნაწილი სამხრეთ იტალიას მოხმარდება.

თანხა ძირითადად გამოყენებული იქნება დიდი ხნის ვადაგადაცილებული პროექტების დასასრულებლად. მაგალითად, სარკინიგზო ხაზი,  რომელმაც რეგიონის მთავარი ქალაქები უნდა დააკავშიროს ერთმანეთს და რომელსაც დიდი ხანია აკეთებენ. თუმცა, დამატებითი თანხები სხვა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლადაცაა საჭირო.

„ერთი მხრივ, ჩვენ არ გვყავს საკმარისი პროფესიონალები, შესაბამისად, დაბრკოლებების გადალახვა ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს უწევთ. მეორე მხრივ, ეროვნული ეკონომიკის აღდგენისთვის გამოყოფილი თანხა ინფრასტრუქტურის სექტორის ყველა საჭიროების დასაფარად საკმარისი არ არის. თუ ჩვენ გზები და მაგისტრალები არ განვაახლეთ და დამატებითი თანხები მხოლოდ სარკინიგზო ქსელის ნაწილს მოხმარდება, მაშინ გაიზრდება რისკი, რომ ჩვენს მიზნებს ვერ შევასრულებთ“, – განაცხადა სიცილიის რეგიონის ინფრასტრუქტურის მინისტრმა მარკო ფალკონემ.

მთელ რეგიონში სოციალური საცხოვრებლების აღსადგენად 230 მილიონ ევროზე მეტი მოცულობის ინვესტიცია გამოიყო. ქალაქ კატანიის გარეთ, ღარიბ უბანში, რამდენიმე შენობას განახლება სჭირდება.

ბევრი პროექტი, რომლებიც პოსტპანდემიური სახსრებით ფინანსდება, იმ საკუთრებებს მოიცავს, რომლებიც მაფიას ჩამოართვეს.

„ამ რეგიონში კრიმინალური ორგანიზაციები კვლავ ძლიერდებიან. მათი მიზანია,  მიიზიდონ ახალგაზრდები, რომლებიც შემდეგ ასევე კრიმინალები გახდებიან“, – წუხს კატანიის მერის მოადგილე მაფიისთვის ჩამორთმეული აქტივების საკითხებში მიკელე კრისტალდი.

თუმცა როგორც კატანიის უნივერსიტეტის პროფესორი მაურიციო კასერტა განმარტავს, საქმე მხოლოდ რაოდენობაში არ არის.

„მთავარი გამოწვევა ის არის, თუ როგორ უნდა მივაღწიოთ კონკრეტულ შედეგებს ამ თანხებით. ეს მოითხოვს დაგეგმვის უნარებს, მკაფიო წესებსა და გამჭვირვალობას საჯარო მმართველობის პროცედურებში. აქ ეს ყველაფერი პრობლემაა. საბანკო გადარიცხვა საკმარისი არ არის… ეს მხოლოდ საწყისი ნაბიჯია. ჩვენ ევროკავშირს უნდა ვაჩვენოთ, რომ დავალების შესრულება შეგვიძლია”, – ამბობს მაურიციო კასერტა.

სამხრეთ იტალიის ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანა გრძელვადიანი გეგმის ნაწილია. ეკონომისტებს მიაჩნიათ, რომ მხოლოდ ეროვნული ეკონომიკის აღდგენის გეგმა საკმარისი არ იქნება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend