მთავარისაქართველოპარლამენტში ომბუდსმენის არჩევის საკითხის განხილვა გრძელდება

პარლამენტში ომბუდსმენის არჩევის საკითხის განხილვა გრძელდება

პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს, 12 სექტემბერს საპარლამენტო სუბიექტებთან სახალხო დამცველის არჩევის წესთან დაკავშირებით, კონსულტაციები გამართა. ამ პროცესს წინ უძღვოდა ომბუდსმენის არჩევის წესთან დაკავშირებული ცვლილებების მიღება, რომელიც პარლამენტმა მესამე მოსმენით, 83 ხმით, 9 სექტემბერს მიიღო.

დღევანდელ შეხვედრას ოპოზიციის დიდი ნაწილი ესწრებოდა. მათი შეფასებით, ეს ერთ-ერთი ყველაზე კონსტრუქციული შეხვედრა იყო. მიუხედავად ამისა, ფიქრობენ, რომ ოპტიმიზმი ჯერ ნაადრევია.

„შეხვედრა იყო ტექნიკური ხასიათის, პარლამენტის თავმჯდომარემ წარმოადგინა ბრძანება, რომელიც დააორგანიზებს სახალხო დამცველის შერჩევის პროცესს. გამოითქვა კონკრეტული შენიშვნები. კიდევ ერთი დამატებითი შეხვედრა იქნება, სადაც საბოლოო ვერსია განისაზღვრება“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა.

„შეხვედრაზე თითქმის ყველა პრინციპული საკითხი გათვალისწინებული იქნა მეორე რედაქციაში. ვნახავთ, როგორ იქნება ეს ყველაფერი ასახული და გაგრძელდება უკვე საუბარი კომისიის შემადგენლობაზე, როგორ უნდა შეირჩეს ის ცხრა ადამიანი კომისიის შემადგენლობაში, რომლებიც შეფასებას დაუწერენ ომბუდსმენის კანდიდატებს ამ პროცესში“, – აღნიშნა „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა, ხათუნა სამნიძემ.

„კარგია, რომ პარლამენტის თავმჯდომარე კონსულტაციებს მართავს, მაგრამ ცუდია, რომ მართავს როგორც მისი ინდივიდუალური დოკუმენტისთვის და არა რეგლამენტისთვის, რადგან მთელი ეს პროცესი, შერჩევის ჯგუფის შექმნა, როგორ მოხდება შეფასება, ამ შეფასების კრიტერიუმები, ის 9 წევრი საიდან მოდის და ა.შ. ეს რჩება მის გადასაწყვეტად. ჩემი და “ლელოს” პოზიციაა, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ქვეყანამ მიიღოს რაც შეიძლება ძლიერი და პროფესიონალი სახალხო დამცველი. ის სახალხო დამცველი 6 წელი უნდა ემსახუროს ქართველ ხალხს, ამ გადაწყვეტილების მიმღებები მაქსიმუმ 2 წელი ვიქნებით ამ შენობაში. პროცესი გართულდა, ბევრი რამ მიხვეულ-მოხვეულებში ჩაიკარგა, მაგრამ უნდა ვიბრძოლოთ ამისთვის. მივმართავ ყველას, რომ ეს პროცესი უყურადღებოდ არ დავტოვოთ“, – თქვა „ლელოს“ ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა.

საქართველოს პარლამენტმა მალე ახალი სახალხო დამცველი უნდა აირჩიოს. ეს ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთია. ახალი რეგლამენტის მიხედვით, ცხრაკაციანი ჯგუფი უნდა შეიქმნას, რომელიც კანდიდატებს შეაფასებს. მათ მიერ არჩეული პირების სია კი საბოლოოდ პარლამენტს გადაეცემა. მმართველ პარტიაში განაცხადეს, რომ დღევანდელ შეხვედრაზე განიხილეს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების პროექტი, რომელზეც მხარეებმა მოსაზრებები გამოთქვეს.

„გავცვალეთ ინფორმაცია, თუ როგორ შეიძლება გარკვეულ საკითხებზე ცალკეულ დებულებებში უფრო მეტი სიცხადე შევიდეს. არ მგონია, რომ რომელიმე ისეთი საკითხი დარჩა, რაზეც განსხვავებული მოსაზრებები და პოზიციები შეიძლება გვქონოდა. პრაქტიკულად ყველა საკითხზე შევთანხმდით. შევთანხმდით, რომ გარკვეულ დროში ტექსტს გადავაკეთებთ, თუმცა თვისობრივი სიახლე ტექსტში მოსალოდნელი არ იქნება, რადგან შეხვედრაზე ასეთი რამ არ ყოფილა – არ დაფიქსირებულა რაიმე ისეთი იდეა, რაც ტექსტს ძირფესვიანად ცვლის“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ.

ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ხუთწლიანი ვადა დეკემბრის დასაწყისში ეწურება. იქამდე კი ოპოზიციის ნაწილი განაგრძობს ალტერნატიულ შეხვედრებს. მიმდინარე კვირას ისინი არასამთავრობო სექტორს შეხვდებიან. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ისინი სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ არჩეულ კანდიდატს დაუჭერენ მხარს.

ანა ალელიშვილი

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend