ერთ-ერთი სოფელი, რომელიც უკრაინულმა ჯარმა კონტრშეტევის შემდეგ დაიბრუნა, ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე ზალიზნიჩნეა.
ახლა სამართალდამცავები არკვევენ როგორ დაზარალდა სოფელი რუსული ოკუპაციის შედეგად. გამომძიებლები კარდაკარ დადიან და იძიებენ ომის შესაძლო დანაშაულებს.
ისინი მივიდნენ ერთ-ერთ სახლში, რომ ორი კაცის ცხედარი შეესწავლათ, რომლებიც სავარაუდოდ დახვრიტეს. გარდაცვლილები მეზობელს დაუმარხავს ბაღში.
„შეშინებული ვიყავი, ძალიან მეშინოდა, სისხლის გუბეები ჯერ კიდევ თვალწინ მიდგას“ – ამბობს აქ მცხოვრები მარია ხრიგორორა.
„მდგომარეობიდან ჯერ კიდევ არ გამოვსულვარ, ჯერ კიდევ თვალწინ მიდგას მკვლელობები“, – ამბობს კიდევ ერთი ადგილობრივი ვასილი.
გამომძიებლებმა კიდევ ერთი ცხედარი აღმოაჩინეს სამრეწველო ზონაში. ისინი იძიებენ დაცვის თანამშრომლის მკვლელობას, რომელიც როგორც ამბობენ თებერვლის ბოლოს მოკლეს. მაშინ, როცა რუსი ჯარისკაცები ზალიზნიჩნეში შევიდნენ.
„არ ვიცი, ალბათ ზიზღის გრძნობა მაქვს მათ (რუსების) მიმართ, ეს ადამიანი რომელიც მოკლეს, არავის არაფერს უშავებდა, მშვიდი კაცი იყო“, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
მოსახლეობა ახლა იმაზე ფიქრობს, როგორ გაუმკლავდება მოახლოებულ ზამთარს, რადგან ისინი ელექტროენერგიის გარეშე არიან დარჩენილი.
„რთულია სიბნელეში ცხოვრება, მე არ მინდა მივეჩვიო უშუქობაში ცხოვრებას“, – წუხს მარია ხრიგორორა.
ბოლო დღეების განმავლობაში კიევის კონტრშეტევებმა აიძულა მოსკოვი საკუთარი ჯარი გაეყვანა რამდენიმე სოფლიდან, განსაკუთრებით კი ხარკივის ოლქიდან. რუსულ ჯარს ადგილზე დიდი რაოდენობით იარაღისა და საბრძოლო მასალის დატოვება მოუწია.
„ჯერ კიდევ დილით რუსები აქ იყვნენ, შუადღისას უცებ დაიწყეს ყვირილი, ჩასხდნენ ტანკებში, მანქანებში და გაიქცნენ“ – იხსენებს დმიტრო ხრუშჩენკო
როგორც უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, სექტემბერში დაწყებული კონტრშეტევის შედეგად სამი ათას კვადრატულ კილომეტრზე აღადგინეს კონტროლი.