მთავარისაქართველობრალდება ქართულ სპეცსამსახურებს და საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნა

ბრალდება ქართულ სპეცსამსახურებს და საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნა

ქართული და რუსული სპეცსამსახურების სავარაუდო ფარულ კავშირებზე, ოპოზიცია პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ქართული და რუსული სპეცსამსახურები სავარაუდოდ ფარულად თანამშრომლობენ და ორი ქვეყნის ამ უწყებების მაღალი თანამდებობის პირები, ერთმანეთს საიდუმლოდ ხვდებიან, საქართველოში პოლიტიკური განხილვის თემა გახდა.

სუს-ის ყოფილი თანამშრომელი ალექსანდრე სამხარაძე “TV პირველისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ -„ კონსპირაციული მოლაპარაკებებისთვის 2016 წლის დეკემბერში, რუსეთში, კერძოდ, ვლადიკავკაზში ოთხი ადამიანი გაემგზავრა. მათ შორის იყო სუსის უფროსის მოადგილე, სოსო გოგაშვილი. თავად კი, საჭეს მართავდა“.

პარტია „ლელოს“ საპარლამენტო წარმომადგენლობა, ამ საკითხის შესასწავლად, პარლამენტში საგამოძიებო კომისიას შექმნას ითხოვს. ამ საკითხზე, ოპოზიციური პარტიის ოფისში ბრიფინგი გამართა აღმასრულებელმა მდივანმა სალომე სამადაშვილმა.

„ჟურნალისტური გამოძიების მასალებიდან დგინდება, რომ აღნიშნული თანამშრომლობის მიზნები, სავარაუდოდ, ეწინააღმდეგება, როგორც საქართველოს კანონმდებლობას და სახელმწიფო ინტერესებს, ასევე საერთაშორისო სამართლის პრინციპებს. პოლიტიკური გაერთიანება “ლელო საქართველოსთვის” მიიჩნევს, რომ ჟურნალისტურ გამოძიებაში გაჟღერებული ფაქტების დაუყოვნებლივი გამოძიება სახელმწიფოს უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის გადაუდებელი აუცილებლობას წარმოადგენს. შესაბამისად, “ლელო” გამოდის ინიციატივით, შეიქმნას საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, რომლის ამოცანა იქნება შეისწავლოს ჟურნალისტურ გამოძიებაში გახმაურებული ფაქტები“, – განაცხადა სამადაშვილმა.

პარტია „ლელოს“ მიერ, პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნას მხარს უჭერენ სხვა ოპოზიციური პარტიებიც. საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ხელისუფლების მიერ მართული პროკურატურა ამ საქმეზე გამოძიებას არ დაიწყებს. ამიტომ, მათივე თქმით, პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა აუცილებელია.

„როდესაც ამ ფაქტებზე საუბრობენ და აღიარებენ სუს-ის ყოფილი ოფიციალური თანამშრომლები, წარმოუდგენელია რომ ეს საქმე რამენაირად ჩაიფარცხოს. ხელისუფლება ვალდებულია, დღესვე დაიწყოს გამოძიება. თუ არ აღძრავს სისხლის სამართლის საქმეს, ესეც პასუხია. რა თქმა უნდა, თუ ასეთი რამ მოითხოვა კოლეგა პარტიამ, ჩვენი ფრაქცია მხარს დაუჭერს. საგამოძიებო კომისიის შექმნა აუცილებელია“, – ამბობს პარლამენტის ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე.

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო წარმომადგენლობის ლიდერები სერიოზულად არ მიიჩნევენ ამ საკითხზე რაიმე გამოძიების მოთხოვნას და ამბობენ, რომ თემა რადიკალური ოპოზიციის მიერაა მოგონილი. პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე, გამოძიების დასაწყებად საკმარისად არ მიიჩნევს მედიაში გასულ რეპორტაჟს.

“იშვიათად შემხვედრია ისეთი პატიოსანი და პატრიოტი ადამიანი, როგორიც ვახტანგ გომელაურია, სოსო გოგაშვილი კი საქართველოს და ქართული პოლიციის წინააღმდეგ არის მხოლოდ ინსტრუმენტალური აგენტი, აგენტ-ინსტრუმენტი. მას იყენებენ „ტვ პირველის“ ნიუსრუმში მოგონილი ამბების საფუძვლად. მითხარით ერთი ფაქტი იმ დოკუმენტებში, რომელიც მის მონათხრობს ადასტურებდა. არ არსებობს ასეთი ფაქტი. შესაბამისად, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის საფუძველი არ არსებობს. გამოძიება „TV პირველშია“ ჩასატარებელი, რათა დადგინდეს, ბოლოს როდის თქვეს ამ არხზე სიმართლე“, – განაცხადა მდინარაძემ.

ქართული და რუსული სპეცსამსახურების სავარაუდო ფარული თანამშრომლობის საკითხზე არც ერთ საგამოძიებო უწყებას გამოძიება ჯერ არ დაუწყია. ამ თემაზე განცხადება არც სუსს გაუკეთებია.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend