მთავარისაქართველოსაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებულ პროექტს მეორე მოსმენით მხარი არ...

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებულ პროექტს მეორე მოსმენით მხარი არ დაუჭრა

სახალხო დამცველის არჩევის წესთან დაკავშირებით პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების პროექტში შესწორებები შევიდა. უფრო კონკრეტულად, ცვლილებების მიხედვით, ზოგიერთი საკითხი არა პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით, არამედ პარლამენტის რეგლამენტით დარეგულირდება.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის შენიშვნების გათვალისწინებით, დღეს, 8 სექტემბერს კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილეს და დამტკიცდა, თუმცა მას არ ჰქონდა ოპოზიციის დიდი ნაწილის მხარდაჭერა.

მმართველი პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ოპოზიციის ნაწილის კრიტიკა უსაფუძვლოა, რადგან ახალი ომბუდსმენის არჩევის წესი უპრეცედენტოა.

„ჩვენ უპრეცედენტო პროცედურას ვთავაზობთ ოპოზიციას და არასამთავრობო სექტორს. რამდენიმე ფაზად იყოფა ეს პროცედურა. შეფასების ეტაპი მინდობილია არასამთავრობო სექტორზე, ხოლო კანდიდატების შერჩევისა და დასახელების საკითხი ოპოზიციას ეკუთვნის. ამის მეტი რა უნდა გავაკეთოთ, არ ვიცი.”- აცხადებს პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე.

„ნაციონალური მოძრაობის“, „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და „ლელოს” დეპუტატებმა „ქართული ოცნების” მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებების პროექტს მეორე მოსმენით მხარი აღარ დაუჭირეს. მათი განცხადებით, მმართველი პარტიის მიერ შემოთავაზებული ვერსია არ გულისხმობს ღია და გამჭვირვალე პროცესს.

„ჩვენ ვერ მოვისმინეთ არგუმენტები არსებულ პრაქტიკაზე უკეთესი რატომ არის შემოთავაზებული ვერსია. როგორ არის უფრო მეტად ჩართული, გახსნილი და გამჭვირვალე პროცესი, როცა პარლამენტის თავმჯდომარე ერთპიროვნულად შეარჩევს სამუშაო ჯგუფს.”- ამბობს “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი პაატა მანჯგალაძე.

მოქმედ სახალხო დამცველს უფლებამოსილების ვადა 2022 წლის 8 დეკემბერს ეწურება. ევროკავშირი საქართველოსგან სხვა საკითხებთან ერთად ითხოვს სახალხო დამცველის არჩევისას უპირატესობა მიენიჭოს დამოუკიდებელ პირს, პროცესი გამჭვირვალედ წარიმართოს და უზრუნველყოფილი იყოს აპარატის ეფექტიანი ინსტიტუციური დამოუკიდებლობა.

მარიამ ქუხილავა

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend