მთავარისაქართველო1.8 მილიონი წლით დათარიღებულ ფენებში ადამიანის კბილი იპოვეს

1.8 მილიონი წლით დათარიღებულ ფენებში ადამიანის კბილი იპოვეს

თანამედროვე ადამიანის წინაპარი, ჰომო ერექტუსი, იგივე წელში გამართული ადამიანი, დედამიწაზე დაახლოებით მილიონ რვაასი ათასი წლის წინ ცხოვრობდა. არქეოლოგები ამბობენ, რომ სოფელ ოროზმანში აღმოჩენილი კბილი, სწორედ ამ პერიოდის ადამიანს ეკუთვნის.

„ეს არის სრული მტკიცებულება, ნივთმტკიცება, რომელსაც წყალი არ გაუვა, რომ ოროზმანში მილიონ რვაასი ათასი წლის წინ ადამიანები ცხოვრობდნენ, ადამიანების წინაპრები ჰომოერექტუსები, ისინი ცხოვრობდნენ სხვა ფაუნასთან ერთად. მერე მოხდა მათი გადაშენება და გარდაცვალების შემდეგ უკვე აგერ ნივთმტკიცების სახით ვიპოვეთ მათი კბილი. ჩვენს არსებობას უნდა ვუმადლოთ ამ ადამიანებს, რომლებიც აფრიკიდან წამოვიდნენ“, – ამბობს გიორგი ბიძინაშვილი ოროზმანის ექსპედიციის სამეცნიერო ხელმძღვანელი.

ეს პირველი შემთხვევაა, როცა ოროზმანის არქეოლოგიურ ძეგლზე ადამიანის ნაშთი იპოვეს. ჰომო ერექტუსი ხასიათდება როგორც პატარა ტანის ადამიანი, რომლის სიმაღლეც 130-დან 150 სანტიმეტრამდე აღწევს. აქვს ტვინის მცირე მოცულობა. უცნობია ლაპარაკობს თუ არა. იცის პრიმიტიული იარაღის დამზადება და გამოყენება.

„ძალიან ბევრ სიურპრიზს ველოდებით, რა თქმა უნდა, უკვე ვიცით რა იქნება, იქნება სავარაუდოდ კიდევ ადამიანი, რომელიც ძალიან გაგვახარებს, იქნება კიდევ გადაშენებულ ცხოველთა ნაშთები და მათ მიერ დამზადებული იარაღი. რისი შესწავლითაც, ჩვენ შევძლებთ უკეთესად შევისწავლოთ ადამიანის წარმოშობის პერიოდი და განსახლების პერიოდი აფრიკიდან ევრაზიის მიმართულებით“, – აცხადებს გიორგი ბიძინაშვილი.

ოროზმანის არქეოლოგიური ძეგლის გათხრებში უცხოელი სტუდენტებიც მონაწილეობენ. სწორედ ინგლისელმა სტუდენტმა იპოვა გათხრებისას ეს კბილი.

„ზუსტად აი ამ ადგილას ვმუშაობდი როდესაც უცბად შევამჩნიე თეთრი საგანი, სამკუთხედის ფორმის და ვიფიქრე, რომ ეს კბილის ნაწილი იყო. ავიღე, გავწმინდე და დავრწმუნდი,რომ ეს კბილი იყო, არ ვიცოდი ეს ადამიანის კბილი იყო თუ არა, შედარებით მცირე ზომისაა და ჩავთვალე, რომ არ იყო საჭირო აჩქარება. რამდენიმე საათი ვათვალიერებდით კბილის სხვადასხვა ფოტოებს და ვადარებდით ჩემს მიერ ნაპოვნ კბილს. ბოლოს დავრწმუნდით, რომ ეს ქვედა ყბის კბილი იყო და ამ აღმოჩენამ ამ ადგილის მნიშვნელობა უცბად გაზარდა. ადამიანის კბილის პოვნა გვაძლევს შესაძლებლობას აქ მცხოვრები ჰომინიდების შესახებ მეტი გავიგოთ და ეს ნიშნავს, რომ შესაძლოა, აქ სხვა ნეშთებიც ვიპოვოთ“ – გვიყვება ჯეკ პირტსი.

მილიონ რვაასი ათასი წლით დათარიღებულ ოროზმანის ფენებში პირველი არქეოლოგიური გათხრები 2021 წელს ჩატარდა.

მაშინ აქ გადაშენებულ ცხოველთა ნაშთები და ჰომო ერექტუსების მიერ დამზადებული ქვის იარაღები იპოვეს. რაც შეეხება ახლადაღმოჩენილ კბილს, ახლა მას ქართველი მეცნიერები შეისწავლიან.

გიორგი ბოლქვაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend