პარლამენტმა 88 ხმით, პირველი მოსმენით, რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს მხარი დაუჭირა, მათ შორის არიან ოპოზიციონერი დეპუტატებიც. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სახალხო დამცველის კანდიდატის წარდგენა და არჩევა ახალი წესითა და პროცედურით მოხდება. ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ხუთწლიანი ვადა დეკემბერში ეწურება.
პარლამენტმა მალე ახალი სახალხო დამცველი უნდა აირჩიოს. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ისინი მხარს არასამთავრობო ორგნიზაციების მიერ წარდგენილ კანდიდატს დაუჭერენ.
„ჩვენ არ მივიჩნევთ, რომ ეს ზედმეტი რგოლი წაადგება 12 პუნქტის შესრულებას. იმიტომ, რომ სახალხო დამცველი 2016 წელს წარმოადგინა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და იმუშავა ამ კონცეფციამ. მაშინაც „ქართული ოცნება“ იყო უმრავლესობაში. ამიტომ, ჩვენ ვერ დავუჭერთ ვერაფერს მხარს, რომელიც რეალურად არ ასახავს 12 პუნქტის პრინციპების სულისკვეთებას“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ხატია დეკნაოიძემ.
„პროცესი ნამდვილად არ არის ზეინკლუზიური, რასაც „ქართული ოცნება“ გვთავაზობს. დღეს არსებული პრაქტიკის მიხედვით, ყველა არასამთავრობო ორგანიზაციაა ჩართული შერჩევის პროცესში, ვინც ადამიანის უფლებების მიმართულებით მუშაობს. „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ მხოლოდ გარკვეული კატეგორიის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიეცემათ ამაში მონაწილეობის შესაძლებლობა და გამორიცხავს იმ ადამიანებს, ვინც მათთვის არასასურველია“, – აღნიშნა „სტრატეგია აღამაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ.
მმართველი პარტია კანდიდატს თავად არ წარადგენს, თუმცა ახალი რეგლამენტით უნდა შეიქმნას ცხრაკაციანი ჯგუფი, რომელიც კანდიდატებს შეაფასებს. მათ მიერ არჩეული პირების სია საბოლოოდ პარლამენტს გადაეცემა. არასამთავრობო ორგანიზაციებს კითხვები სწორედ ამ ცხრაკაციანი ჯგუფის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით აქვთ.
„გააჩნია პარიტეტი როგორ იქნება აქ დაცული. მთავარია, რომ ხელისუფლებას „ჰქონდეს“ ხუთი წევრი მაინც თავის ხელში. და აქ კი ეს არის მთელი პრობლემა. არც ერთი ხელისუფლება უმრავლესობას არ თმობს ხოლმე და არც დათმობს კიდევაც“, – თქვა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, ნიკა სიმონიშვილმა.
„ქართულ ოცნებაში“ მიაჩნიათ, რომ სახალხო დამცველის პოზიციაზე ისეთი კანდიდატი უნდა შეირჩეს, რომელიც დამოუკიდებლად და კომპეტენტურად შეძლებს, შეასრულოს საკუთარი მოვალეობები. მათივე თქმით, სწორედ იმიტომ იღებენ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომ კანდიდატურის შერჩევის პროცესი ბევრად უფრო გამჭვირვალე იყოს.
„სახალხო დამცველის ინსტიტუტი, ისევე, როგორც აუდიტის სამსახური, გახლავთ საპარლამენტო კონტროლის მექანიზმები, შესაბამისად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შევარჩიოთ ამ პოზიციაზე ისეთი კანდიდატურა, რომელიც დამოუკიდებლად და კომპეტენტურად შეძლებს, შეასრულოს ადამიანის უფლებათა დაცვის მონიტორინგის ზედამხედველობის ფუნქცია და წარუდგინოს პარლამენტს ისეთი ანგარიშები, რომელიც რეალურად საქართველოს გამოადგება ამ სფეროში მდგომარეობის გასაუმჯობესებლად“, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ.
სახალხო დამცველის პოსტზე უპირატესობა უნდა მიენიჭოს დამოუკიდებელ პერსონას და მისი არჩევის პროცესი გამჭვირვალე უნდა იყოს – ეს ევროკომისიის ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაციაა. სწორედ ამ რეკომენდაციების შესრულების შემდეგ გადაწყვეტს ევროკავშირი, მიანიჭებს თუ არა საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს.
ანა ალელიშვილი