მთავარიმსოფლიოNASA მთვარის პროგრამა ARTEMIS 1-ის ხომალდს სამ სექტემბერს გაუშვებს

NASA მთვარის პროგრამა ARTEMIS 1-ის ხომალდს სამ სექტემბერს გაუშვებს

ძრავის გაგრილების სისტემაში აღმოჩენილი ხარვეზის გამო, NASA-მ მთვარისკენ გიგანტური რაკეტის გაშვება რომელიც 29 აგვისტოს იყო დაგეგმილი, რამდენიმე დღით გადადო. მისია არტემის 1-ის ინჟინრებმა ოთხი ძირითადი ძრავიდან ერთ-ერთის სათანადო ტემპერატურამდე გაგრილება ვერ შეძლეს. დანარჩენმა სამმა ძრავმა ტესტირება წარმატებით გაიარა. ბრიფინგზე, რომელიც NASA-ში, ხომალდის გაშვებამდე ერთი დღით ადრე გაიმართა, SLS რაკეტის სისტემის მთავარმა ინჟინერმა ჯონ ბლევინსმა განმარტება გააკეთა.

„გაშვების პირველი მცდელობისას, როდესაც ათვლის დრო ჩაირთო, გარკვეული ხარვეზები გამოვლინდა. ფრენა დიდი რისკის ქვეშ აღმოჩნდა, ამიტომ მივიღეთ მისი შეწყვეტის გადაწყვეტილება. ოთხი ძრავიდან სამმა წარმატებით გაიარა ტესტი, მეოთხე ძრავში კი გაგრილების პრობლემა შეიქმნა. მანამდე, ამ პრობლემის შესახებ სენსორები არაფერს გვაჩვენებდნენ. ხარვეზი აღმოფხვრილია და ახლა გვაქვს შანსი რომ ფრენა წარმატებით განვახორციელოთ. ამ ეტაპზე ძრავების რისკი მინიმალურია“, – განაცხადა ჯონ ბლევინსმა.

მისია ეკიპაჟის გარეშე იქნება. ხომალდი მთვარისკენ გაეშურება, გაიტანს რამდენიმე პატარა თანამგზავრს, შემდეგ კი მთვარის ორბიტაზე განთავსდება. NASA-ს მიზანი კოსმოსური ხომალდის მუშაობის შემოწმებაა. არტემის 1 პირველი მისია იქნება, რომელიც ახალი კოსმოსური გამშვები სისტემიდან გაეშვება. SLS ყველაზე მძლავრი რაკეტა იქნება, რაც კი ოდესმე გაშვებულა კოსმოსში, უფრო ძლიერი, ვიდრე აპოლოს „სატურნ V“ სისტემა, რომელსაც ასტრონავტები მთვარეზე 1960-1970-იან წლებში მიჰყავდა. Orion Crew Capsule კი, სადაც ასტრონავტები უნდა განთავსდნენ, ასევე ახალი და ჯერ გამოუცდელი საკვანძო მონაკვეთია ხომალდის შემადგენლობაში. ამის გარდა, გაიტესტება სიცხის ფარიც, რომელიც კაფსულას და მის მგზავრებს დაიცავს, როდესაც ის დედამიწაზე 40 233 კმ/სთ სიჩქარით დაბრუნდება.

„მეტი ხარვეზი აღარ უნდა გამოვლინდეს. პრობლემა ცუდ სენსორში იყო და ის გამოცვლილია. ამ ფრენით, ჩვენ ბევრი რამ უნდა დავადგინოთ მომავალი ეკიპაჟიანი მისიების დაწყებამდე. ასტრონავტების უსაფრთხოება ნომერი პირველია. ამაზეა დამოკიდებული მისიის წარმატებაც. ამიტომ, დეტალურად უნდა შევისწავლოთ ყველაფერი, რაც მთვარის ეკიპაჟიანი მისიის ფრენასთან იქნება დაკავშირებული“, – აცხადებს SLS პროგრამის მენეჯერი ჯონ ჰანიკუტი.

2024 წელს NASA  არტემის 2-ს გაუშვებს, ამ პროექტის პირველ ეკიპაჟიან მისიას; ისიც ორბიტული მისია იქნება, დაახლოებით „აპოლო 8“-ის მსგავსი, რომელმაც მთვარეს წრე დაარტყა და დედამიწაზე დაბრუნდა. ასტრონავტები მთვარის ორბიტაზე ამჯერად უფრო მეტ დროს გაატარებენ და გატესტავენ თითქმის ყველაფერს.

2025 წლისთვის დაგეგმილია არტემის 3, რომელიც მთვარის ზედაპირზე ასტრონავტებს ჩაიყვანს. 2027 წელს, მისია არტემის 4 ასტრონავტებს მთვარის მინისადგურზე წაიყვანს, რომელსაც Gateway (ჭიშკარი) ერქმევა.

პროგრამა არტემისს რამდენიმე სხვადასხვა მიზანი აქვს. მათ შორის არის რესურსების ადგილზე გამოყენება. მაგალითად, წყლის ყინულის და მთვარის ქანების, რომლებისგანაც უნდა აწარმოონ საკვები, საწვავი და სამშენებლო მასალები.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend