მთავარისაქართველოროგორ ვებრძოლოთ ტყის ხანძრებს კლიმატის კრიზისის პირობებში

როგორ ვებრძოლოთ ტყის ხანძრებს კლიმატის კრიზისის პირობებში

წელს, ტყის ხანძრებმა ათობით ევროპული ქვეყანა მოიცვა და საფრთხის ზონებიდან ათასობით ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. საქართველოში ტყის ხანძრები უფრო გვიან დაიწყო ვიდრე ევროპაში, მაგრამ ტყეები მაინც ვერ გადარჩა და მწვანე მასივებს დიდი ზიანი მიაყენა.

დღეს მთელი მსოფლიო ფიქრობს რა არის ასე გახშირებული ხანძრების მიზეზი. გარემოს დამცველები თანხმდებიან, რომ დაუდევრობისა და სხვა მიზეზების გარდა, მთავარი პრობლემა კლიმატის ცვლილებაა.

ხანძარი 19 აგვისტოს გაჩნდა ბორჯომის ტყეში და ერთ კვირაზე მეტ ხანს ვერ ხერხდებოდა ხანძრის სრულყოფილად ჩაქრობა. მეტყევეები ამბობენ, რომ  ბორჯომის ხეობაში ტემპერატურა მაღალია, რეგიონი კი მშრალია და ამის გამო აქ ხანძრის გაჩენის ალბათობაც მეტია.

„ტყის ხანძრებისთვის განსაკუთრებით საშიშია ზაფხულის პერიოდი. ამას ემატება ფაქტობრივი მოცემულობა, რომ რამდენიმე კვირაა ნალექი არ მოსულა, რამაც გამოიწვია ტემპერატურის დაცემა და ეს შედეგი მივიღეთ ბორჯომში. ამის აღსაკვეთად ეროვნული სატყეო სააგენტო წლის დასაწყისში აკეთებს ხანძარსაწინააღმდეგო ბილიკებს და გზებს იმ განსაკუთრებულად რთულ უბნებში, სადაც წინასწარ ვიცით, რომ შეიძლება ხანძარი მოხდეს და რომ ადგილზე მისვლა მარტივი იყოს“, – აღნიშნავს ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყის მოვლა-აღდგენის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ხაბეიშვილი.

გარემოსდამცელების თქმით, საქართველოში ახლა ტყის ხანძრების სეზონია, იგი  აგვისტოსა და სექტემბერს მოიცავს. თუ 2009-2010 წლებში წელიწადში 10-15 ხანძარი ჩნდებოდა, ახლა უკვე წლიური მაჩვენებელი 80-ს აღწევს.

წყარო: ნაკრესი

„ეს არის გლობალური მოვლენა. კლიმატის ცვლილება მნიშვნელოვნად იწვევს ტყის ხანძრების მატებას.  ბევრ ქვეყანაში გვალვიან პერიოდებში საერთოდ იკრძალება პიკნიკების მოწყობა, კოცონის დანთება, ეს სწორად იმით არის გამოწვეული, რომ პატარა ნაპერწკალიც კი საკმარისია ხანძრის დასაწყებად. ნარჩენებმა – შუშის ბოთლმა, პლასტმასის ბოთლმაც კი შეიძლება, რომ ლინზის ფუნქცია შეასრულოს”, – აცხადებს ბიომრავალფეროვნების სახეობათა კონსერვაციის ცენტრ „ნაკრესის“ წარმომადგენელი კახა არცივაძე.

ექსპერტის თქმით, კლიმატის ცვლილების პრობლემა არ გაუმჯობესდება არამედ წლებთან ერთად მოიმატებს.

„ჩვენ არა ვართ მზად იმისთვის რომ ტყის ხანძრებს ეფექტურად ვებრძოლოთ. აქ არ შველის ერთი და ორი ვერტმფრენის ყიდვა აქ უნდა არსებობდეს სისტემა, რომელიც გლობალური კლიმატური კრიზისის პერიოდში უპასუხებს ამ ძალიან სერიოზულ პრობლემას. ეს პრობლემა კი არ შემცირდება არამედ მოიმატებს“, – აღნიშავს კახა არცივაძე.

წელს საქართველოში ხანძრის ჩაქრობაში ადგილობრივებს თურქული ვერტმფრენები ეხმარებოდნენ.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკება ახალი ვერტმფრენების შეძენის თაობაზე.

საქართველოში კვლავ ძალიან ცხელა, ხანძრების სეზონი ჯერ არ დამთავრებულა. ბორჯომის ტყეებში კი ხანძრის ქრობის პროცესი დასკვნით ეტაპზეა.

ავტორი: ანეტ მიქელაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend