მთავარიევროპასაფრანგეთიგვალვის მიუხედავად საფრანგეთში ყურძნის კარგ მოსავალს აიღებენ

გვალვის მიუხედავად საფრანგეთში ყურძნის კარგ მოსავალს აიღებენ

ბორდოს პრესტიჟულ ვენახებში პეიზაჟი ისე გამოიყურება, როგორც არასდროს. ჯანსაღი, მწიფე ყურძნით, რომელსაც მწვანე ვაზის რიგები დაუმძიმებია. მაგრამ წელს, რაღაც სრულიად განსხვავებული ხდება საფრანგეთის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ღვინის რეგიონში. ყურძნის რთველი აქამდე, სექტემბრის შუა რიცხვებში იწყებოდა. მაგრამ ამჯერად, ეს უფრო ადრე მოხდება – აგვისტოს ბოლოს. ადგილობრივი მეღვინეები ამის მიზეზად, ძლიერ გვალვასა და კლიმატის ცვლილების არაპროგნოზირებად შედეგებთან, ინდუსტრიის ადაპტაციას ასახელებენ.

Chateau Olivier-ის ღვინის ქარხნის დირექტორი ლორან ლებრუნი ამბობს, რომ ის რაც წელს ხდება ფრანგი მეღვინეებისათვის უჩვეულოა.

“ნამდვილად სიგიჟეა ის, რომ გარემო ასე სწრაფად იცვლება. კლიმატის ცვლილება არის ის, რაზეც დიდი ხანია ვსაუბრობდით. მაგრამ ახლა, ვფიქრობ, ეს ყველამ იცის და არა მხოლოდ მეღვინეებმა. როცა რთველის თარიღებს ვუყურებ, მეღიმება… 25 წელია ღვინოს ვაკეთებ და მოსავალი სულ სექტემბერში იყო. ახლა ერთი თვით უკან გადმოიწია ამ თარიღმა…”, – ამბობს ლორან ლებრუნი.

პარადოქსულია, მაგრამ სიცხის ძლიერი ტალღებისა და ხანძრების სეზონმა, დაბალი მოსავლიანობის მიუხედავად, შესანიშნავი ყურძენი გამოიღო. კიდევ ერთი მეღვინეობის – Chateau Carbonnieux-ის თანამესაკუთრე ერიკ პერინი გასული წლების მოსავალს და ამინდით გამოწვეულ ცვლილებებს იხსენებს. ამბობს, რომ ბოლო წლებში მეღვინეებს არაერთი ტექნიკური ცვლილების შეტანა მუწიათ საქმიანობაში.

 „მაგალითად, თუ ვაზი თავისი მწიფობის ციკლს უფრო ადრე იწყებს, ყინვების ეპიზოდების საფრთხის წინაშე ვდგავართ… მახსოვს, 1991 წელს ყინვა გვქონდა, მაგრამ ეს პრობლემა აღარ დამდგარა 1991-დან 2017 წლამდე. შემდეგ, 2017-დან 2020 წლის ჩათვლით, გლობალური დათბობის გამო, მწიფობის ციკლი უფრო ადრე იწყება და ეს კიდევ უფრო მეტ რისკს გვიქმნის. როდესაც გადახედავთ ექსტრემალურ ბუნებრივ მოვლენებს, რაც ბორდოში გვქონდა, წარმოუდგენლად მოგეჩვენებათ ასეთი მოსავლის მიღება“.

ის, რაც ფრანგმა მეღვინეებმა მოახერხეს მთელი ევროპის კონტინენტის მასშტაბით დამანგრეველი წვიმების, ტყის ხანძრებისა და მრავალკვირიანი გვალვების ფონზე, წარმოუდგენელია გამოცდილი აგრონომებისთვისაც. თუმცა, ფაქტი სახეზეა. წელს ბორდოში საუკეთესო მოსავალი იქნება. კიდევ ერთი შატოს ტექნიკური დირექტორი ფაბიენ ტეიტგენი, რომელიც ამ მეღვინეობაში მოსავლიანობაზეა პასუხისგმებელი ამბობს, რომ წლევანდელი მოსავლით გაკვირვებულია. თუმცა, აღნიშნავს, რომ სულ ასე ვერ გაგრძელდება და გლობალური დათბობა თავის მძიმე შედეგებს გამოიღებს.

„მაღალი ტემპერატურის გამო, უნდა შევცვალოთ ვენახის მოვლის ტექნიკა. იმისათვის, რომ ყურძენში შესაბამისად შევინარჩუნოთ წვნიანობა, სიტკბო და მჟავიანობა, სრულიად განსხვავებული მიდგომაა საჭირო. რაც საბედნიეროდ წელს შევძელით. მაგრამ, ამინდის და გარემოს ასეთი ექსტრემალური და მოულოდნელი ცვლილების გამო, არ ვიცით მომდევნო სეზონზე რა იქნება. როდესაც ბოლო 15 წლიან გამოცდილებას ვიხსენებ, სრულიად განსხვავებული რეალობა გვაქვს. ყველაფერი შეიცვალა“, – აცხადებს ფაბიენ ტეიტგენი.

გლობალური დათბობა ბუნებრივია, მხოლოდ მეღვინეების საქმიანობას არ აყენებს საფრთხის ქვეშ. ეს პროცესი მთელი პლანეტისთვის დრამატულია. მეცნიერები დიდი ხანია ამბობენ, რომ ადამიანის მიერ გამოწვეული კლიმატის ცვლილება ექსტრემალურ ამინდს უფრო ახშირებს.

მაგალითად, ძლიერმა სეტყვამ შეიძლება რამდენიმე წუთში გაანადგუროს ერთწლიანი შრომა.

გლობალური დათბობის შედეგები ახლა მევენახეების ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია, რომელთანაც მათ ჯერ გამკლავება და შემდეგ ადაპტაცია უწევთ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend