მთავარიაფრიკამაროკომაროკოს სასურსათო უსაფრთხოებას გვალვა და ინფლაცია საფრთხეს უქმნის

მაროკოს სასურსათო უსაფრთხოებას გვალვა და ინფლაცია საფრთხეს უქმნის

მაროკოელი ფერმერებისთვის ინფლაციისა და გვალვის კომბინაცია დიდ თავის ტკივილს წარმოადგენს. ფასები საწვავიდან დაწყებული, სასუქებით დამთავრებული, ყველაფერზე გაიზარდა და ყველა დროის მაქსიმუმს მიაღწია. ბელა ელ ომარი, რომელიც ფერმერია, ამბობს რომ არსებულ ეკონომიკურ გამოწვევებს გვალვის საფრთხეც შეიძლება დაემატოს, რადგან რეგიონში წვიმის ნაკლებობაა.

„სასუქები და საკვები პროდუქტები ისე გაძვირდა, რომ ლამისაა ფერმერობას თავი დავანებო. არადა ესაა ჩემი და ჩემი ოჯახის შემოსავლის წყარო. ყველა ამბობს, რომ მიზეზი საწვავის გაძვირებაა. სამნახევარი დირჰემი ღირდა ერთი ლიტრი, ახლა 6 დირჰემია. ცოტაც და ამას აღარ შევეგუებით“, – ამბობს ელ ომარი.

ინფლაციამ და სხვა ეკონომიკურმა გამოწვევებმა მხოლოდ ფერმერებს არ შეუქმნა პრობლემა. სურსათსა და მომსახურებაზე ფასების მკვეთრმა მატებამ მაროკოელი მოსახლეობაც დააზარალა.

„მას შემდეგ, რაც ნავთობსა და საწვავზე ფასები გაიზარდა, ყველაფერი გაძვირდა. ცხოვრება შეუძლებელია. ძლიერი ზეწოლაა მოქალაქეებზე. საკვების ყიდვა გვიჭირს და ასეთი ყოფა ძალიან რთულია“, – აცხადებს მაროკოს მკვიდრი აბდელატიფ აიტ ამრანე.

მაროკოს მთავრობამ გადაწყვიტა განახორციელოს წყლის დაზოგვის პროგრამა, ამის გარდა, უწყლობით დაზარალებული ფერმერების დასახმარებლად მილიარდ დოლარზე მეტი გამოყო. მსოფლიო ბანკის განცხადებით, ბოლო 4 წლის განმავლობაში, მაროკოს ეკონომიკას გვალვები სერიოზულად აზიანებს, რადგან აქ ფერმერული მეურნეობაა განვითარებული. ეკონომისტ მეჰდი ფაკირის თქმით, ჩრდილოეთ აფრიკის სახელმწიფოს მთავრობამ სასწრაფოდ უნდა იპოვოს გამოსავალი, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსახლეობა ამ ზეწოლას ვეღარ გაუძლებს.

„მაროკოში გვალვა ყოველთვის განიხილებოდა სიტუაციურ პრობლემად, მაგრამ ეს ახლა სხვა გარე შოკებთან ერთად, სტრუქტურული პრობლემა გახდა. ჩვენ, ბოლო წლებში კარგად ვნახეთ რა მოხდა გვალვების გამო. ამას სხვა ნეგატიური მოვლენებიც დაემატა. პანდემია და ომი უკრაინაში. საერთაშორისო პრობლემები ხორბლის საკითხზე და საწვავის გაძვირება. ამ კრიზისთან გასამკლავებლად,  აუცილებელია, უმოკლეს დროში ხელისუფლებამ უფრო ქმედითი ნაბიჯები გადადგას“, – განაცხადა ფაკირიმ.

პანდემიის დროს ინფლაციამ მაროკოში წარმოუდგენელ მასშტაბებს მიაღწია. ამას დაემატა ომი უკრაინაში, რამაც მაროკოს ეკონომიკას მეორე დარტყმა მიადგა. ქვეყნის დაგეგმარების სააგენტოს მონაცემებით, ივნისში მაროკოში ინფლაციამ 7,2%-ს მიაღწია, რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დონეა 2008 წლის შემდეგ.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend