მთავარისაქართველორუსეთის მოქალაქეებს საქართველოს მთავრობა ვიზებს არ დაუწესებს

რუსეთის მოქალაქეებს საქართველოს მთავრობა ვიზებს არ დაუწესებს

რუსეთის მოქალაქეების საქართველოში ტურისტული და გრძელვადიანი მიზნით შემოსვლა, გასულ წლებთან შედარებით გაზრდილი და თვალშისაცემია.

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ საქართველო, რუსეთის მოქალაქეებისათვის ცივილიზებული სამყაროს ყველაზე ახლო ნაწილი აღმოჩნდა. ოფიციალური უწყებების ბოლო ინფორმაციით, საქართველოში 100 000-ზე მეტი რუსი იმყოფება.

ქართველი პოლიტიკოსები ოპოზიციიდან ითხოვენ, რომ საქართველომ რუსეთის მოქალაქეებს ვიზები დაუწესოს.

თუმცა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას ამბობს, რომ ქვეყანას „რუსული ოცნების ხელისუფლება მართავს“ და მისთვის ამ საკითხზე რაიმე მოთხოვნის წაყენება თავის მოტყუებაა.

“ამ ხელისუფლებისთვის ეროვნული ღირსების დაცვა – ქსენოფობია და გოიმობაა, ეროვნული ინტერესების დაცვა – პროვოკაციაზე წამოგებაა!
რუსული ოცნების ხელისუფლებისთვის ეროვნული ინტერესების დაცვა ომში ჩათრევის მცდელობაა, მშვიდობა კი მხოლოდ კაპიტულაციით მიიღწევა

ჩვენ გვყავს რუსეთის ოცნების ხელისუფლება, რომლისთვისაც კომფორმულობა ცხოვრების წესია, რომლისთვისაც გამოთქმა: ჩათრევას ჩაყოლა ჯობია ცხოვრებისა და საქმიანობის კრედოა.

ჯიუტად არ აღიარებენ იმ საფრთხეს, რომელიც თან ახლავს რუსი მოქალაქეების ნაკადს, არა ტურისტების, არამედ იმ ადამიანების, რომლებიც ქვეყანაში რჩებიან და მკვიდრდებიან. რა თქმა უნდა ნორმალური ხელისუფლების პირობებში ბევრი გამოსავალი იარსებებდა, გულუბრყვილობას არ ვაპირებთ და კონკრეტული პრობლემის გადასაჭრელად არანაირ მოთხოვნას უსამშობლო რუსულ ოცნებას არ ვუყენებთ!

ნორმალური ეროვნული ხელისუფლება, გამჭვირვალეს გახდიდა  საქართველოში შემოსული ვიზიტორების ვიზიტების მიზნობრიობას! მოახდენდა ვიზიტების მიზნობრიობის ლუსტრაციას.
შეზღუდავდა რუს მოქალაქეებზე ბინების გაყიდვას, ბიზნესის რეგისტრაციას და ბინადრობის მოწმობის გაცემას-  თუ ისინი არ აღიარებდნენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, საზღვრებს და იმას რომ რუსეთი ოკუპანტია და ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20%”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

რუსეთის მოქალაქეების დიდი ნაკადის შემოსვლას პრობლემად არ მიიჩნევს საქართველოს ხელისუფლება. პრემიერ-მინისტრი და მთავრობის სხვა მაღალჩინოსნები ეკონომიკურ ზრდაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ თუ საქართველო სავიზო რეჟიმს დაუწესებს რუს ვიზიტორებს, ამით მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები დაზარალდებიან.

„იმ მოღალატეების მთავარი მცდელობა და გეგმა, ვინც ეს ომი ვერ ააცილა და არ ააცილა ჩვენს ქვეყანას, რომ ქვეყანაში მეორე ფრონტი ყოფილიყო, ჩაიშალა და ჩაიშლება ყოველთვის. ამის შემდეგ მათ ნახეს, რომ უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდაა მსოფლიო მასშტაბით საქართველოში. არც ერთ ქვეყანაში არ არის ასეთი პროგრესი, ასე ვთქვათ, და ვინაიდან მათ ვერ მიაღწიეს მიზანს და ვერ გადმოიტანეს მეორე ფრონტი საქართველოში, უნდათ რამენაირად დააზიანონ ისევ ჩვენი მოქალაქეები. როცა უნდათ, რომ შეაფერხონ ტურიზმი, ტურისტების შემოდინება საქართველოში, ეს ვისზე აისახება? – აისახება ჩვენს ქვეყანაზე, ეკონომიკაზე, ჩვენს ხალხზე, მოქალაქეებზე. ჩვენ გავაკეთებთ მაქსიმუმს, რათა ქვეყანაში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარება. ეს არის ჩემი მთავარი მიზანი“, – განაცხადა პრემიერმა.

ტურისტების თუ რეზიდენტობის მსურველ რუსეთის მოქალაქეების ნაკადის ზრდის გამო, ოფიციალური სტატისტიკა ყოველდღიურად იცვლება. ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ვითარება საგანგაშოა. ხელისუფლება დადებით კონტექსტში ეკონომიკურ ზრდასა და ვალუტის დასტაბილურებას განიხილავს. რაიმე აკრძალვის ან შეზღუდვის დაწესებას კი იმ ქვეყნის მოქალაქეების მიმართ, რომელმაც 14 წლის წინ საქართველო დაბომბა, ქსენოფობიურ მიდგომად მიიჩნევს.

ალეკო გვეტაძე

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend