ბულგარეთის საზღვაო ძალებმა კვირას, 7 აგვისტოს შავი ზღვის სანაპიროზე ნაღმი გაანეიტრალეს. ნაღმი ბულგარეთის ზღვისპირა ქალაქ ცარევოს მახლობლად ზღვაში 15 წლის ბიჭმა აღმოაჩინა. მან ნაღმის მსგავსი საგანი ყვინთვის დროს დაინახა. ტერიტორია ჯერ სამართალდამცველებმა გადაკეტეს, შემდგომ კი ადგილზე მოვიდნენ სამხედროები, რომლებმაც ნაღმი გაანადგურეს.
„კლდეებთან ცურვისას გადავწყვიტეთ ქვებთან მივსულიყავით. უცბად ნაღმის მსგავსი რაღაც დავინახეთ. მაშინვე მოვერიდეთ იმ ადგილს და მაშველებს ვუთხარით. მათ პოლიცია გამოიძახეს”, – იხსენებს 15 წლის ბიჭი, ვინც ნაღმი იპოვა.
„ჩვენ ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმი გვეგონა, თუმცა შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს ტანკსაწინააღმდეგოა“, – ამბობს ერთ-ერთი სამართალდამცველი, რომელმაც პოლიცია გამოიძახა.
ბულგარეთის საზღვაო ძალები აცხადებენ, რომ ყველა ზომას იღებენ, რომ შავი ზღვის რეგიონში სათანადო მონიტორინგი ჩატარდეს და ყოველი შესაძლო ნაღმის აღმოჩენაზე დროული რეაგირება ჰქონდეთ. ბულგარეთის სანაპიროზე ივლისის ბოლოს უკვე მესამედ აღმოაჩინეს რუსული წარმოების რაკეტებისა და ნაღმების ნაწილები.