მთავარი საქართველო ტყის ხანძრების გაჩენის რისკი

ტყის ხანძრების გაჩენის რისკი

სპეციალისტები მოსახლეობას ურჩევენ, რომ არ დატოვონ მარტივად აალებადი ნარჩენები ბუნებაში, არ დაანთონ კოცონი წიწვოვან ხეებთან ახლოს და პიკნიკის დასრულების შემდეგ აუცილებლად ჩააქრონ ცეცხლი წყლით.

გიორგი ღონღაძე წაღვერის ტყის მეხანძრე-დარაჯია… მისი საქმეა ფხიზლად იყოს და უდარაჯოს, რომ ტყეს ხანძარი არ გაუჩნდეს.  3 წელია, გიორგი ღონღაძე გამთენიისას უკვე ფეხზეა და ტყეში შედის…

“ჩემი სამუშაო დღე იწყება დილით ადრე ტყის შემოვლით. შემოვუვლი ტყეებს. ბევრი დამსვენებელია, რომლებმაც შეიძლება ტყეში კოცონი დაანთონ და ხანძარი გაჩნდეს. აი, მაგალითად, აქ იყო კოცონი, დამსვენებლებს ვუთხარი, რომ არ წასულიყვნენ მანამ, სანამ კოცონს არ ჩააქრობდნენ. ვეუბნები მათ, რომ სიგარეტის ნამწვი არ გადააგდონ უკონტროლოდ, რომ არ გაჩნდეს ხანძარი“, – ამბობს გიორგი ღონღაძე ტყის მეხანძრე-დარაჯი.

ზაფხულია და  მსოფლიოს უამრავ კუთხეში ხანძრები მძვინვარებს. მეხანძრეები ხანძრის კერებს ებრძვიან, იმ კერებთან ახლოს კი, რომლებიც განსაკუთრებით საშიშია, მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. კლიმატის ცვლილება ბუნებას უკვე შესამჩნევად ეტყობა. ამ პერიოდში საქართველოშიც უკვე არის ხოლმე ტყეებში ცეცხლი, მაგრამ წელს, საბედნიეროდ, სტიქია გვინდობს. თუმცა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში არ გამორიცხავენ ტემპერატურის მატებასთან ერთად ტყის ხანძრების გაჩენას.

„საქართველოში ტყის ხანძრების ბევრი შემთხვევა გვაქვს ხოლმე ზაფხულის განმავლობაში, მაგრამ, საბედნიეროდ, ტყით დაფარული ტერიტორიების მასშტაბური კარგვა ამ ეტაპამდე არ გვქონია. ეს არ გვაძლევს დამშვიდების საშუალებას, მაშინ, როდესაც ვართ კლიმატის ცვლილების ეპოქაში და ტყის ხანძრები ამის ძალიან მნიშვნელოვანი ინდიკატორია. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ საქართველოში ტყის ხანძრების რაოდენობამ ან მისგან გამოწვეულმა ზარალმა მოიმატოს.  ამიტომაა მნიშვნელოვანი პრევენციული ღონისძიებები, დაწყებული მოსახლეობის ინფორმირებით დამთავრებული სატყეო ღონისძიებებით“,  – ამბობს ნათია იორდანიშვილი ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე.

ექსპერტები გამოსავალს კლიმატის ცვლილების გამომწვევი აირების შემცირებაში ხედავენ. ამბობენ, რომ წიაღისეული საწვავის სხვა ენერგიით ჩანაცვლება, ტრანსპორტის მოძრაობის შემცირება და ხელისუფლების მხრიდან ეკომეგობრული ენერგიების მოძიება, გარკვეულწილად, შეანელებს კლიმატის ცვლილების სავალალო შედეგებს.

„კლიმატის ცვლილების პრობლემის გამოვლინებას ყოველწლიურად ვხედავთ. არც მიმდინარე წელი ყოფილა გამონაკლისი. იანვარში ზღვარზე გვქონდა შტორმი. გაზაფხულზე გვქონდა ნალექების არათანაბარი გადანაწილება საქართველოს ბევრ რეგიონში, რამაც დატბორვის პრობლემის წინაშე დააყენა მოსახლეობა, სამწუხაროდ, ეს ტენდენცია შენარჩუნდება, ვინაიდან კლიმატის ცვლილების გამომწვევი აირების კონცენტრაციის დაწევაზე ჯერ ადრეა ლაპარაკი“, – აღნიშნავს კახა მდივანი, კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის ტექნიკური მრჩეველი კლიმატის მიმართულებით.

საქართველოში ტყისა თუ მინდვრის ხანძრების გამომწვევი მიზეზი უმეტესად ადამიანია. ამიტომ განსაკუთრებით მაშინ, როცა ტემპერატურა იმატებს, გარემოს დაცვის სპეციალისტები მოსახლეობას ურჩევენ, რომ არ დატოვონ მარტივად აალებადი ნარჩენები ბუნებაში, არ დაანთონ კოცონი წიწვოვან ხეებთან ახლოს და პიკნიკის დასრულების შემდეგ აუცილებლად ჩააქრონ ცეცხლი წყლით.

ანანო ღუდუშაური

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend