მთავარისაქართველოკელი დეგნანის განცხადებას პოლიტიკოსები ეხმაურებიან

კელი დეგნანის განცხადებას პოლიტიკოსები ეხმაურებიან

ბოლო დროს ზოგიერთი პოლიტიკოსის კრიტიკულ განცხადებებს, პარტნიორი ქვეყნებისა და მისი წარმომადგენლების მიმართ, კიდევ ერთხელ გამოეხმაურა აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი.

„ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ გაუგებარია, რატომ ცდილობს პოლიტიკოსთა ნაწილი ამერიკასა და საქართველოს შორის ასეთ კრიტიკულ დროს, განხეთქილება და დაპირისპირება შექმნას.

„რთულია იმის გაგება, რატომ არის ზოგიერთი პოლიტიკოსი ასე მონდომებული, დაყოს საქართველო და მისი მოკავშირეები, ასეთ დროს. საქართველოს არ ჰყავს შეერთებულ შტატებზე დიდი მეგობარი. ჩვენ საქართველოს წარმატების მიმართ ერთგულებას ვინარჩუნებთ და ჩვენი საერთო მიზნის მიღწევაში დასახმარებლად, რაც არის უფრო მშვიდობიანი, აყვავებული და დემოკრატიული საქართველო, რომელიც სრულად იქნება ინტეგრირებული ევროატლანტიკურ ოჯახში, ქართველ ხალხთან მუშაობას გავაგრძელებთ“, – განაცხადა აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა.

ოპოზიციაში ეთანხმებიან კელი დეგნანის განცხადებას. მეტიც, ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ მმართველი პარტია ცდილობს, საქართველო ააცდინოს ევროანტალანტიკური ინტეგრაციის გზას და ქვეყნის საგარეო კურსი რუსეთისაკენ მოატრიალოს.

„ვეთანხმები ამ განცხადებას. დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი. „ქართული ოცნება“, თავისი განდეგილი სამეულით თუ ოთხეულით, ცდილობს, საქართველო ააცდინოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას, გადაგვკიდოს ამერიკასა და ევროპას და მოატრიალოს საქართველო რუსეთისკენ. ვიდრე ჩვენ „ქართულ ოცნებას“ არ დავარქმევთ თავის სახელს, რომ ეს არის პრორუსული პოლიტიკური ძალა, იქამდე ამ ქვეყანას არ ეშველება“, – აღნიშნა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.

„მკაფიოა ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ეს ანტიდასავლური კამპანია გამოაცხადა სწორედ თავისი ძალიან ვიწრო ინტერესებითა და ივანშვილის ინტერესებით. რაც შეეხება ეროვნულ ინტერესს საქართველოსი, ეს ყველაფერი გაცხადებულია საქართველოს კონსტიტუციაში და იმ სტრატეგიულ პარტნიორობაში აშშ-თან და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაში, ამიტომ აქ სხვა გადაწყვეტილება და ახსნა ამას ყველაფერს არ აქვს“, – თქვა „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა, გიგი წერეთელმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, თანაგუნდელების მსგავსად ამბობს, რომ მთავრობამ ქვეყანას დიდი განსაცდელი, ომი, აარიდა თავიდან. რაც შეეხება ურთიერთობებს მოკავშირეებთან, მისი თქმით, ამერიკასთან ურთიერთობები უნდა გაძლიერდეს.

„მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ შევინარჩუნეთ ჩვენი ეროვნული პოლიტიკით მშვიდობა, სტაბილურობა და ორნიშნა ეკონომიკური ზრდა არ არის შემთხვევით. ასე რომ, ახლა, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მშვიდად, დინჯად, მტკიცედ ჩვენი ქვეყნის მართვა და წინსვლა. რა თქმა უნდა, ამავდროულად მინდა ვთქვა, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად გავაძლიეროთ ჩვენი ურთიერთობები ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკასთან“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.

აშშ-ის მიმართ გაძლიერებული კრიტიკის ფონზე, კელი დეგნანმა კიდევ ერთხელ გაიხსენა, რა მხარდაჭერას უწევს ვაშინგტონი თბილისს ბოლო 30 წლის განმავლობაში.

ეს დახმარება, მხოლოდ ფინანსური კუთხით, 6 მილიარდ დოლარს აჭარბებს. კელი დეგნანი იმედოვნებს, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება.

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend